პარლამენტის სხდომათა დარბაზში გავრცელდა დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ და ამის ავტორი არის „ნაციონალური მოძრაობის“, ყოფილი წევრი, ამჟამად „ევროოპტიმისტების“ წევრი, ეს დეზინფორმაცია არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, განზრახული და კოორდინირებული კამპანია, რომელსაც სამწუხაროდ, სხვადასხვა შიდა თუ გარე ძალები აწარმოებენ, მისი მიზანია ჩვენი ქვეყნის დაზიანება და რეპუტაციის შელახვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი, ეს არის დაუშვებელი.
„როდესაც ამას აკეთებენ უცხოელები, გასაგებია, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, ვხედავთ, რომ დღესაც იყო განცხადებები „ევრონესტში“ უკრაინის პარლამენტის წარმომადგენლის, რომელმაც საქართველოს სამარცხვინო დააბრალა რაღაცები. სამწუხაროდ, ასეთი უმადურობებიც ხდება. ამას შეგუებული ვართ. ასევე, გვესმის „ენჯეოებისგან“, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან და ზუსტად ამ ნარატივს ატარებენ, თითქოს საქართველოდან ხდება სანქციების გვერდს ავლა. შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „დროას“, რომელიც თავის იდენტობაში ვერ ჩამოყალიბდა, ხან პარტიაა და ხან არასამთავრობო ორგანიზაცია. არცერთი არასამთავრობო, რომელიც იღებს მილიონებს უცხოეთიდან, რომ ამხილოს დეზინფორმაცია, არცერთს არ უმხელია ეს სამარცხვინო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ყველა დაკავებულია თავისი პოლიტიკური მიზნებით. არცერთი ცენტი არ დაუხარჯავთ, რომ ეს სამარცხვინო კამპანია ემხილებინათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წევრი საქართველოს ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს.
„მივედით იქამდე, რომ პარლამენტში, პარლამენტის წევრი, რომელიც საქართველოს ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს, დეზინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნის დახმარებით. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როდესაც თქვენს სამშობლოს აბრალებთ რაღაცებს, მგონი, ეს ყოველნაირ ზღვარს სცდება. ჩამოყალიბდით ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხართ საქართველოს პოლიტიკოსი თუ ხართ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელიც დროშაა თქვენთვის ფასეული საქართველოსი თუ სხვა ქვეყნის. როდესაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის პირდაპირი ღალატი ქვეყნის ინტერესებისა, ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.