ევროკავშირის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა 2 კვირაში გაიმართება. მონაწილეები განიხილავენ სასამართლოს რეფორმას, ცესკოს დაკომპლექტებას, ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის საკითხებს.
პროცესი პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა. შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც სამუშაო პროცესს ემიჯნება.
„როდესაც მარგინალური ჯგუფი „ლელოს“ სახით და ორი მანდატით, წარმოაჩენს საკუთარი ტელევიზიის მეშვეობით, თითქოს 2 დეპუტატი აქ პოლიტიკურ პროცესებს წარმართავს, ეს არის აბსოლუტური ფარსი, რომელიც, რა თქმა უნდა, სასაცილო არის თავისი არსითაც.
რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, გვქონდა გუშინ შეხვედრა სამუშაო ფორმატში. შევთანხმდით, რომ ორ კვირაში შევიკრიბებით იმავე ფორმატში. მანამდე იურიდიული კომიტეტი იმუშავებს პროექტზე და წარმოადგენს პროექტს ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კანონმდებლობის დახვეწის წინადადებით. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ 9 პუნქტზე მუშაობა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ოპოზიციას თუ აქვს სურვილი დაეხმაროს ხელისუფლებას კონსტრუქციული წინადადებებით, რა თქმა უნდა მზად ვართ მოვისმინოთ, რა არის მათი წინადადებები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.