რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებმა ვიზიტის სურვილი გამოთქვეს. ვუთხარი, რომ კარგი დრო არ იყო ამისთვის, შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ ეს რადიკალური ქმედებების წასახალისებლად გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ მათ პარლამენტის თავმჯდომარის რჩევა არ გაითვალისწინეს.
"რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტის, მათ შორის, სურვილი იყო ჩემთან შეხვედრის. მათ ვუთხარი, რომ კარგი დრო არ იყო ვიზიტისთვის.
ვინაიდან 13-14 მაისს, ორშაბათს და სამშაბათს იქნება კანონპროექტის მესამე მოსმენა, მაინცდამაინც კარგი დრო არ არის, საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა, განხილვების შემდეგ ყოფილიყო. მზად ვართ, ნებისმიერი განხილვისთვის და ვაფასებთ, პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას. ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ და აპირებენ ჩამოსვლას, იქიდან გამომდინარე, რომ აქციებს წინა შემთხვევებში ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი და ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება ძალადობრივი ქმედებების გეგმები, მათი ვიზიტი შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენოს, როგორც წამახალისებელი რადიკალური ქმედებებისთვის. ამიტომ, მათ ვუთხარი, ესეც მხედველობაში მიიღონ, რადგან ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი გეგმები და მათი აქ ყოფნა შესაძლოა, გამოიყენონ იმისთვის, რომ კვლავ განახორციელონ თავდასხმა პარლამენტზე. მე ვერ შევხვდები, რადგან ორშაბათი-სამშაბათი არის საკითხების განხილვა. მზად ვარ, ნებისმიერ დროს შევხვდე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც, საგნობრივი განხილვისთვისაც, თუ ისინი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდოდნენ. სამწუხაროდ, ჩემი რჩევა არ გაითვალისწინეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.