საქართველოს პარლამენტში ხდება ის, რაც პროცედურებით არის გათვალისწინებული – ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგი, თანამშრომლობა და ერთად მუშაობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინც დემოკრატიის დამხობას ცდილობდა, არ უნდა წუწუნებდეს, რომ დემოკრატიული პროცესის ნაწილი არ არის.

„ეუთო-ს წარმომადგებლებთან, უცხოელებთან შეხვედრებზე რადიკალები წუწუნებენ, სურთ, იქნებ, რაღაცნაირად, ფეხი შემოყონ დემოკრატიულ პროცესში, მაგრამ მათ გადაწყვეტილება მიიღეს და ეს არ იყო პირველი გადაწყვეტილება. ეს ასე იყო 2020-შიც, 2016-შიც. ჩვენ საკმარისად გამოვიჩინეთ ლმობიერი დამოკიდებულება რადიკალიზმის მიმართ, რამდენჯერმე ქართველმა ხალხმა რადიკალებს შანსი მისცა, გამოსწორებულიყვნენ და ეროვნული ინტერესების კალაპოტში დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ერთხელ ორჯერ, სამჯერ, და შვიდჯერ? ეს ამბავი მეშვიდეზე აღარ გამოდის. მგონი, ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ იმ რადიკალურ წვენში, სადაც იხარშებიან. უცხოელები, ქალბატონი გრეგოროვები და ა.შ. აქებენ, რეზოლუციებს უძღვნიან, ასე არიან სიამტკბილობაში და იყვნენ. მთავარია, ქვეყანას ვერაფერს უშლიან. ქვეყანა წინ მიდის. მთავარია ეკონომიკური განვითარება, მშვიდობა და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება. რადიკალები ზიზღში ჩაძირული ადამიანები არიან, თავის ზიზღში იხარშებიან. დღეს, ევროპულობის ერთ-ერთ მახასიათებლად იქცა ის, თუ რამდენად ავლენ ზიზღს. რაც უფრო მეტად ავლენ ზიზღს, მით უფრო ევროკავშირელი ხარ და ეს შეჯიბრებაა მათ შორის იმაში, რომ ყველაფერი რაც არაქართულია, მათი რიგებიდან გამოავლინონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.