ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესების პოლიტიკის მიმართ. ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. ცხვრის ქურქის მოსხმის ეს ტაქტიკა ოპოზიციის მხრიდან ახალი არაა, ეს მათი ნირი და წესია. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

"არჩევნების მოახლოებასთან ერთად დადგა მომენტი, როდესაც მათ მოუწევთ, რომ მოსცილდნენ საკუთარ ფეისბუკ-გვერდებს, გამოვიდნენ საკუთარი ტელევიზიების სტუდიებიდან და ხალხს დაელაპარაკონ. 

და განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის? დაბოლოს, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ?

ხალხის რისხვის პირველი ტალღა მათ ამ დღეებში უკვე მიიღეს. დაინახეს, რომ ხალხი ხელისუფლების წინდახედულ პოლიტიკას უჭერს მხარს და სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა ყველა ვინც ომში მიგვაქანებდა მშვიდობაზე ალაპარაკდა, ყველა ვინც ქართველ გლეხებს და მეწარმეებს გაკოტრების გზაზე დაყენებას უპირებდა, დღეს რუსეთთან ვაჭრობაზე ალაპარაკდა.  

მაგრამ ქართველმა ხალხმა მათი ფარისევლური სახე დიდი ხანია ამოიცნო. ბოლო ორი წელი საუკეთესო ლუსტრაცია იყო იმისთვის, თუ სად დგება ოპოზიცია კრიტიკულ მომენტებში. დრომ დაადასტურა, რომ არც ერთ საბედისწერო მომენტში ოპოზიციას და მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართველი ხალხის მხარე არ დაუჭერია. ყოველ ჯერზე ისინი უყურებდნენ არა იმას, თუ რა სჭირდებოდა ჩვენს ხალს, არამედ იმას თუ რას სჭირდებოდათ სხვებს და რომელ სიტყვად თუ ნაბიჯს შეუქებდნენ გარედან.

ამიტომ დარწმუნდა ყველა, რომ ერთი რამ გარანტირებულია, თუკი ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებასაც კი, საქართველო დაუბრუნდება კვლავ ომების და ნგრევის ქაოსს, რომლიდანაც, როგორც იქნა ეს ქვეყანა დავიხსენით, 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი შევქმენით და ხალხს ამოსუნთქვის და განვითარების შესაძლებლობა მივეცით.

დღეს ოპოზიციას და მათ ენჯეოებს აღარ უნდათ გაიხსენონ, თუ სად მიაქანებდნენ ამ ქვეყანას უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, თუმცა მათი ღალატის ისტორიას საჯარო არქივები ინახავს და არც ორი წელია ისე დიდი დრო, რომ ხალხს მივიწყებოდა. ყველას გვახსოვს რისგან შედგებოდა საქართველოს ნგრევის სანაცვლოდ უკრაინის დახმარების მათეული ხედვა, მათ მიერ ინიციირებული კანონების და რეზოლუციების პროექტებიც, რომლებიც დღესაც პარლამენტშია და არ გაუწვევიათ, ამის დასტურია.

გეტყვით ჩამონათვალს, თუ რა იყო მათი ხედვა. ეს იყო:

სამხედრო დახმარება, მოხალისე მებრძოლების გაგზავნა უკრაინაში და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება  და მეორე, სანქციების დაწესება, კერძოდ, საჰაერო სივრცის ჩაკეტვა რუსეთისთვის,  რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა, სავიზო რეჟიმის შემოღება , რუსეთის მოქალაქეებისთვის დასაქმების აკრძალვა, რუსული სანომრე ნიშნებით შემოსვლის აკრძალვა, საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება.

თითოეულ ამ საკითხზე შეგახსენებთ თუ როგორი პოზიცია ჰქონდა მაშინ ოპოზიციას და რას ითხოვდნენ

 

I. სამხედრო დახმარება, მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში.

ომის პირველივე დღეებში ოპოზიცია უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმებით ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან ჩარტერულ რეისზე თანხმობის მიცემას, რაზეც მთავრობამ უარი განაცხადა.  შეგახსენებთ ზოგიერთ განცხადებას: 

გიგა ბოკერია: „ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში დასახმარებლად გამგზავრებაზე ხელის შეშლა პუტინის რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერაა. ამიტომ, ახლა ჩვენი მთელი ძალისხმევა უნდა იყოს სვლა ვადამდელ არჩევნებზე.“ 

ნიკა გვარამია: „მაშინ, როცა ცივილიზებული სამყარო ცას უკეტავს რუსეთს, ჩვენ ცას ვუკეტავთ უკრაინას. ვიდრე ასეთი მუხანათების მძევლები ვართ, ჩვენი ადგილი არ არის თავისუფალ სამყაროში“. 

თინა ხიდაშელი: „მოხალისეს, როდესაც არ უშვებ ფრონტზე - ეს არის პოლიტიკური არჩევანი.“

ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეეძლო დაეტოვებინა საქართველო რეგულარული ავიარეისით, ან თუნდაც სახმელეთო გზით, რატომღაც იყო დაჟინებული მოთხოვნა, როგორც რადიკალური ოპოზიციისგან ისე გარე აქტორებისგან, რომ სპეციალურად ამ მიზნით შესრულებულიყო ჩარტერული რეისი, რომელზეც იქნებოდა მთავრობის საგანგებო თანხმობა. რა თქმა უნდა, ეს აჩენს ეჭვს, რომ მიზანი იყო არა იმდენად რამდენიმე ათეული მოხალისის ომში ჩართვა, არამედ ის, რომ წარმოჩენილიყო სურათი, სადაც თბილისის აეროპორტიდან აფრინდებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული რეისი, რომლითაც ქართველები უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიემართებოდნენ. ყველასთვის გასაგებია, რომ საკუთარი მოქალაქეების ორგანიზებული გაგზავნა ბრძოლის ველზე, სხვა არაფერი იქნებოდა თუ არა ომში ოფიციალურად ჩაბმა.

თუმცა ოპოზიცია და მისი ენჯეოები ამ მოთხოვნით აქციებსაც კი არ მოერიდნენ. და ეს იმ პირობებში, როცა ომის დაწყებიდან ორი წლის თავზეც არცერთ სახელმწიფოს ხელი არ შეუწყვია საკუთარი მოქალაქეებისთვის უკრაინაში მოხალისეებად საბრძოლველად წასასვლელად. პირიქით, აშშ და ბრიტანეთის მთავრობებმა პირველივე დღეებში საჯაროდ გააფრთხილეს საკუთარ მოქალაქეები, არ წასულიყვნენ საბრძოლველად. 

 

2) შეიარაღების გაგზავნა უკრაინაში

მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნასთან ერთად ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოგვიწოდებდნენ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისკენ. შეგახსენებთ ზოგიერთ განცხადებას: 

თეონა აქუბარდია, „ქართული წარმოების ჯავშანმანქანებისა და სხვადასხვა ამუნიციის სიმბოლური რაოდენობის გადაცემა საკმარისი იქნებოდა, მხარდაჭერის გამოსახატად“.

გიორგი რუხაძე, NGO GSAC: “ყველაფერში შეიძლება მივეხმაროთ უკრაინას და ომში ჩართვასთან ამას კავშირი არ აქვს. შეგვიძლია იარაღი მივაწოდოთ.”

აქაც შეგახსენებთ, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს ერთ წელზე მეტი დასჭირდათ უკრაინისთვის ტანკები მიწოდების გადაწყვეტილების მისაღებად. მებრძოლების გაგზავნის შემდეგ საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების უსასყიდლოდ მიწოდება ომში მხარედ ჩართვის კიდევ ერთი მაჩვენებელია. მთელი მსოფლიო აკვირდება, რამდენად ფრთხილად იქცევიან ნატოს წევრი ქვეყნებიც კი, რომ არ გადალახონ ის წითელი ზღვარი, სადაც რუსეთი მათ ომის მხარედ გამოაცხადებს. ამ დროს  კი ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ომის პირველივე დღეებში საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების გაგზავნის მოთხოვნით აქციებს მართავდნენ და ამით ომში გვითრევდნენ.

 

II. სანქციების დაწესება

სანქციების დაწესების მოთხოვნის, არდაწესების გაპროტესტების და სანქციებისთვის ვითომდა გვერდის ავლის ყალბი კამპანია უკვე ორ წელზე მეტია სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. საზოგადოებას კარგად ახსოვს ყველა ის განცხადება, რომელსაც ოპოზიცია აჟღერებდა. შეგახსენებთ ზოგიერთ განცხადებას: 

ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი: „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი შეიძლება სჯობდეს, იმ სირცხვილს და იმ წვას, რაც ამ სიტყვების [იგულისხმება, განცხადება, რომ საქართველო არ დაუწესებს რუსეთს სანქციებს] მოსმენის შემდეგ ვიგრძენით.“

ნიკა მელია: „ბოდიში უკრაინელ დებს და ძმებს, დიდი ბოდიში იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს.“

ბათუ ქუთელია, ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი: „ამ სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, მიუერთდეს სანქციებს, სანქციების ყველა კომპონენტს“.

გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტი ბიზნეს სკოლის დეკანი: „სანქციის დაწესება ეკონომიკურადაც სწორი იქნება. შეიძლება, მოკლე ვადაში რაღაც ვიზარალოთ, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, რომ შეიძლება, ეს ბოროტების იმპერია მსოფლიომ დაამარცხოს და ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამაში“.

სანქციებს სხვადასხვა მიმართულებით ითხოვდნენ.

პირველი ეს იყო სავიზო რეჟიმის დაწესება

გახსოვთ, რომ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით შეიქმნა სრულად ისტერიული ფონი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა მოზღვავებასთან დაკავშირებით. ყველას გვახსოვს პირდაპირ სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებიდან ამოკითხული მეთოდებით წარმოებული პროპაგანდა, რომელსაც ეს ჯგუფები ავრცელებდნენ: გახსოვთ ნახატები კედლებზე, რომლებზეც ოპოზიცია და მისი მედია სრული დამაჯერებლობით გვიმტკიცებდნენ, რომ ეს იყო რუსი დივერსანტების სასიგნალო ნიშნები, რომლებიც მოგვიანებით ერთ-ერთი ქუჩის მხატვრის მიერ დახატული კატები აღმოჩნდა; გახსოვთ ქსენოფობიამდე მისული სიძულვილის მარშები თბილისის ტურისტულ ადგილებში, რამაც საბოლოოდ იმ ფაქტამდეც კი მიგვიყვანა რომ ჭავჭავაძის გამზირზე სლავური გარეგნობის ქალს ვიღაცამ ქვა ესროლა. 

ამ ქსენოფობიური კამპანიის მიზანი იყო რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში გაუსაძლისი პირობების შექმნა და სახელმწიფოს იძულება, რომ დაეწესებინა სავიზო რეჟიმი. შეგახსენებთ განცხადებებს და ქმედებებსაც: 

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ძალადობრივი ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ორგანიზებით, პარლამენტთან გაიმართა საპროტესტო აქცია, მოთხოვნით - „დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან“.

21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ - მათ შორის იყვნენ სოროსის ფონდი, სირცხვილია, სამართლიანი არჩევნები, საფარი, მედიაომბუდსმენი, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს პენცენტრი - გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც ისინი, იმავე კონსპირაციაზე დაყრდნობით, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ინტერვენციისთვის იქნებოდნენ გამოყენებული, ითხოვდნენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას.

მამუკა ხაზარაძის განცხადება: „სასწრაფოდ დაუწესდეს რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი! ასე თუ გაგრძელდება, მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე!“

თინა ხიდაშელი, NGO სამოქალაქო იდეა: „ვინაიდან რუსეთის მიერ ვიზების გაუქმების გადაწყვეტილებაში ჩვენ ვერ ჩავერევით და ვერაფერს ვუზამთ, საპასუხო ღონისძიებად დაწესდეს ვიზები რუსების მოქალაქეებისთვის და ამით გაკეთდეს პოლიტიკური განაცხადი“.

 შემდეგი მოთხოვნა იყო საჰაერო სივრცის სრულად ჩაკეტვა რუსული თვითმფრინავებისთვის.

ომის პირველივე დღეებში ოპოზიცია მოითხოვდა საჰაერო სივრცის სრულად დაკეტვას რუსეთისთვის. შეგახსენებთ განცხადებას: პოლიტიკური ჯგუფი გირჩი: სასწრაფოდ ჩაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთთან. ეს გახლავთ ომის დაწყებიდან მეორე თუ მესამე დრეს გაკეთებული განცხადება.  ნიკა მელია: ჩაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის და ამით დავიცვათ უკრაინა.

ამავე დროს შედგა ენჯეოების პეტიცია, რომელსაც სხვადასხვა ენჯეოები აწერდნენ ხელს.  

 

შემდეგი მოთხოვნა იყო პირდაპირი ფრენების აკრძალვა.

მას შემდეგ რაც რუსეთმა აღადგინა ცალმხრივად შეჩერებული პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს სანქციების დაწესების ახალი კამპანია და ითხოვდნენ ფრენების აკრძალვას. შეგახსენებთ განცხადებას: 

ეკა გიგაური „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: „ევროკავშირის სახელმწიფოებში რუსული თვითმფრინავებისთვის სივრცე არის დაკეტილი. ევროკავშირი აღიქვამს ამ საკითხს შემდეგნაირად, რომ თუკი ქვეყანას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, თუკი ქვეყანა ცდილობს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, მაშინ მან უნდა გაიზიაროს ის პოლიტიკა და ეს არის რუსეთის იზოლაციაში ჩაყენების პოლიტიკა.“

შალვა პაპუაშვილი:  „ქართულმა ოცნებამ“  ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა არავის ინტერესი არ დააყენა, დღეს ვართ ლამის ერთადერთი მშვიდობის კუნძული ცეცხლის ალში გახვეულ რეგიონში  თუ რუსული ავიაკომპანიები საქართველოში იწყებენ ფრენას, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს ვისხდეთ სახლში. 

 სანქციების დაწესების დაჟინებულ მოთხოვნას, იმ პირობებში როდესაც საქართველომ თავიდანვე განაცხადა, რომ საქართველო იღებდა ვალდებულებას არავისთვის მიეცა სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა, რაიმე რაციონალური ახსნა არ ჰქონდა: ორმოცმილიონიან უკრაინაში რამდენიმე ათეული მოხალისის ჩასვლა, ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველოს მიერ შეიარაღების მიწოდება, რუსეთის ეკონომიკაში 0,02% წილის მქონე ქვეყნის მიერ სანქციების დაწესება, არათუ გარდამტეხ, რაიმე საგრძნობ გავლენასაც კი ვერ მოახდენდა ომის მსვლელობაზე. ერთადერთი შედეგი რასაც ეს ნაბიჯი მოიტანდა იქნებოდა რუსეთთან ესკალაციაში შესვლა, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად იყო რუსეთთან როგორც ეკონომიკურ ისე ცხელ ომში საქართველოს ჩართვა.

ხაზგასასმელია ერთი გარემოებაც. რადიკალურ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნისონში მყოფი უცხოელების მხრიდან სანქციების დაწესების მოთხოვნის პარალელურად, არავინ, ხაზს ვუსვამ არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია არ გვაძლევდა და დღემდე არ გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიებს, იმ შემთხვევისთვის, თუ სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკურ კრიზისამდე ან სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანდა. და ეს იმ პირობებში, როდესაც სანქციების დაწესება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობადაც კი სახელდებოდა.

საზოგადოებას ალბათ ახსოვს სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არავინ საქართველოსგან სანქციების დაწესებას არ ითხოვს, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე. ბევრი უცხოელი ხვდებოდა, რომ სანქციების დაწესების საჯარო მოთხოვნას საზოგადოებისგან შესაბამისი რეაქცია მოჰყვებოდა, ამიტომ ეს მოთხოვნები დახურულ კარს მიღმა ან არაპირდაპირ ჟღერდებოდა. თუმცა ვნახეთ საქართველოს პოლიტიკის საჯარო დაგმობაც და სანქციების დაწესების მოთხოვნებიც, მაგ. ლიეტუვის პარლამენტის 2022 წლის აპრილის რეზოლუციაში,  ევროპარლამენტის 2022 წლის დეკემბრის რეზოლუციაში, ლატვიის პრეზიდენტის 2023 წლის სექტემბრის განცხადებაში, ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის 2023 წლის თებერვლის განცხადებაში და ა.შ. რას და როგორ ითხოვდნენ უცხოელები დახურულ კარს მიღმა, ეს ცალკე საუბრის თემაა, რომლის დროც აუცილებლად დადგება. 

რა იქნებოდა ამგვარი თავქარიანი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის ეკონომიკური შედეგი, ეკონომისტების მიერ დეტალურად დათვლილია. 2022 წელს ნაცვლად 10%იანი ეკონომიკური ზრდისა, საქართველოს ექნებოდა 17%-მდე ეკონომიკური ვარდნა, რაც 18 მილიარდი ლარის ზარალს უდრის. შედეგად, ჩვენ სამჯერ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას მივიღებდით, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო, რაც ეკონომიკის ჩამოშლის ტოლფასია. თანაც, ეს იმ შემთხვევაში თუ ესკალაცია ეკონომიკურ ომს არ გაცდებოდა. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ესკალაცია ცხელ ომამდე მიგვიყვანდა, ამას ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე არა მხოლოდ უკრაინის მაგალითზე, არამედ ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულიდანაც კარგად ხვდება.

ამის საპირისპიროდ, სწორედ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“  ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა არავის ინტერესი არ დააყენა, დღეს ვართ ლამის ერთადერთი მშვიდობის კუნძული ცეცხლის ალში გახვეულ რეგიონში და გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. 

ამიტომაც, 26 ოქტომბერს, ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მარტივი და ცხადი არჩევანი ექნება, ვინაიდან არჩევანი დგას ომსა და მშვიდობას, ნგრევასა და წინსვლას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.