საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტი საშემოდგომო სესიას 13 დეკემბერს დახურავს, ხოლო 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიის მიერ შედგება საქართველოს პრეზიდენტის არჩევა.
„მიმდინარე კვირას გვაქვს ბოლო სასესიო კვირა, პარასკევს დაიხურება საშემოდგომო სესია. ასევე, შაბათს, 14 დეკემბერს შედგება პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ. როგორც იცით, საარჩევნო კოლეგია უკვე დაკომპლექტებულია. არჩევნებს ჩაატარებს ცესკო პარლამენტის შენობაში. ცესკო-სთან გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია, რომ ორგანიზაციულად ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი. იცით, რომ პარლამენტის ყველა წევრი არის კოლეგიის შემადგენლობაში და მათთან გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა საორგანიზაციო დეტალს გავაცნობთ. რაც შეეხება უკვე პარლამენტის მუშაობას, როგორც ვთქვი, მიმდინარე კვირას გვექნება ბოლო სასესიო კვირა. არის ახალი ინიციატივები, რომლებიც დაჩქარებული წესით უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.