მინდოდა, ეს მოხსენება ყოფილიყო სარკე - არ მაქვს პრეტენზია, რომ მე ვარ სარკე, სადაც თქვენს თავს დაინახავთ, მაგრამ შევეცადე დამენახებინა, რომ თქვენი ქცევა გაზიანებთ. თუკი ეს ასე არ არის, თქვით, რა ნაწილშია ეს სარკე გამრუდებული? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკას და შეკითხვებს მის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით.
„ანა წითლიძემ - პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებას მოველოდი და პარტიის წევრის მოხსენება მოვისმინეო. რა თქმა უნდა, დღევანდელ და საერთოდ, ნებისმიერ გამოსვლას აქვს თავის ტონი, თავის მიზანი, შინაარსი და ეს მოხსენება, მინდოდა, ყოფილიყო სარკე. არ მაქვს პრეტენზია, რომ მე ვარ სარკე, სადაც თქვენ თქვენს თავს დაინახავთ, მაგრამ შევეცადე თქვენთვის დამენახებინა, რომ უპირველეს ყოვლისა, თქვენთვის არის დამაზიანებელი ის ქცევა, რომელიც აქვს ოპოზიციას. თუკი ეს ასე არ არის, კი ბატონო, თქვით, რა ნაწილშია ეს სარკე გამრუდებული, რომელ ნაწილში? ის, რომ ამ მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეთ, ტყუილია? აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია რომ იყო პარალელური დათვლის შედეგები, დაგავიწყდათ? თუ ის დაგავიწყდათ (და ძალიან გიკვირთ როცა ომში ჩათრევის სურვილზე ვსაუბრობთ), ვინ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას მებრძოლები გაეგზავნა უკრაინაში საომრად? თუ მიამიტები არ ხართ, მგონი ხვდებით, რას ნიშნავს, როცა სახელმწიფო მეომრებს აგზავნის ომში. რომელმა სახელმწიფომ გაგზავნა დედამიწის ზურგზე, რომელმა? ამას არ მოგვიწოდებდით? სამწუხაროდ, უკრაინელი პოლიტიკოსებიც ჩართეთ ამ მოწოდებებში მიტინგების მეშვეობით. არ იცით, რა შედეგი იქნებოდა? არ იცოდით, რომ ეს ომის რისკს ნიშნავდა?“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.