პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენცია (IPU) - პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა
"ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო დაძაბულობითა და არასტაბილურობით ცნობილ რეგიონს მიეკუთვნება და მშვიდობის მიღწევის მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა.
საქართველოს მთავრობა რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენის ერთგული და კონცენტირებულია ომით დაზარალებული საზოგადოებების შერიგებასა და ჩართულობაზე. სამშვიდობო ინიციატივები თანდათან ნდობის საფუძველს ქმნის, რაც მშვიდობის პირველ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არასტაბილურობისგან დაცვის მნიშვნელოვანი საშუალებაა.
სამწუხაროდ, დღესდღეობით მშვიდობის მიღწევის გზაზე არსებული საფრთხეები მოიცავს არა მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს, არამედ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც ერების სუვერენიტეტის უპატივცემულობისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევიდან მომდინარეობს.
საქართველოში ჩვენ ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობისა და ძალადობის წახალისება წარმოადგენდა.
ხანგრძლივი, მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა. ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას. მშვიდობა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობას, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას.
პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორებიცაა სუვერენიტეტი, დემოკრატია და გამჭვირვალობა დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზაობას, ვითანამშრომლოთ თითოეულ თქვენგანთან ყველა იმ ინიციატივაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მომავლის შექმნას, სადაც მშვიდობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია საერთო და დაფასებული რეალობაა" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.