„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ნოემბრის ბოლოს შეიკრიბება
"თითქმის ბოლომდე არის გასული შედეგების დათვლა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ეს მნიშვნელოვანი შედეგი. ყველა, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში, ვგულისხმობ საარჩევნო სუბიექტებს, მეტ-ნაკლებად საუბრობდა რეფერენდუმზე და ეს რეფერენდუმი შედგა და ქართველმა ხალხმა თავისი ვერდიქტი გამოიტანა ამ რეფერენდუმზე, იმით, რომ მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდ განვითარებას, საქართველოს განვითარებას ისე, რომ მისი კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი, საქართველოს განვითარებას ევროპის მიმართულებით, ისე, რომ ევროკავშირში შევიდეთ მშვიდობით, შევიდეთ ღირსებით და შევიდეთ კეთილდღეობით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ არჩევნებში. „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად გაიმეორა 2012 წლის შედეგები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო პრინციპული არჩევნები ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება ამ არჩევნებზე.
რაც შეეხება უკვე თავად პარლამენტს, როგორც იცით ახლა მიდის პროცედურები თავად საარჩევნო კომისიაში. დასრულდება დათვლა, ასევე სხვა პროცესები საჩივრებთან დაკავშირებით. დამოკიდებულია იმაზე თუ საჩივრების განხილვის ვადები როგორ იქნება და ა.შ. პროცესები, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე იქნება შემაჯამებელი ოქმი ცენტრალური საარჩევნო კომისიის და შემდგომ ამისი იცით, რომ კონსტიტუციით დადგენილი არის 10-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პარლამენტი შეიკრიბება თავის პირველ სხდომაზე." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.