„ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი არის, ვისაც უნდა, ხალხს ყველაფერი ჩააშხამოს, როცა რაღაც სასიხარულო ხდება ამ ქვეყანაში და ქართველი ხალხი რაღაცას ზეიმობს, პირველი ინსტინქტი რაც აქვთ, ეს არის, რომ რამენაირად ჩააშხამონ დღესასწაული, სამწუხაროდ, გუშინწინ ვნახეთ ეს ჯგუფი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“ ადანაშაულებს ნიკა გვარამიას ჯგუფს, რომ რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს ნაკრების გამარჯვების აღნიშვნისას მოაწყო პროვოკაციები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ.
„ქართველი ხალხი ასეთი არ ვართ და ის, რაც იმ ჯგუფმა ჩაიდინა, არ არის ქართული საქციელი, თვითონვე გამოფინეს შემდეგ ის ვიდეოები, ორგანიზაცია „შეცვალე“ არ ვიცი, ვისგან ფინანსდება, რადგან მათი უცხოური დაფინანსებები ჩვენს ქვეყანაში არ არის გამჭვირვალე, ქართველები ასე არ იქცევიან, ქართველები როგორც იქცევიან, ეს გამოჩნდა სტადიონზე, როდესაც 50 ათასი ადამიანი ერთად აღნიშნავდა ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. „ნაციონალური მოძრაობის“ თაობა თუ გუნდი არის, ვისაც უნდა ეს ყველაფერი ხალხს ჩააშხამოს. როცა რაღაც სასიხარულო ხდება ამ ქვეყანაში და ქართველი ხალხი რაღაცას ზეიმობს, პირველი ინსტიქტი რაც აქვთ, ეს არის, რომ რამენაირად ჩააშხამონ ეს დღესასწაული. სამწუხაროდ, გუშინწინ ვნახეთ ეს ჯგუფი, რომელიც დაცლილია მორალისგან, რომ როცა ადამიანი ზეიმობს, როგორი ბოროტი უნდა იყო დაგეგმო, განახორციელო ეს ყველაფერი, შემდეგ თავი მოიწონო. ასეთი განწყობა რომ გექნება ადამიანს შენი ქვეყნის, ნაკრების, გამარჯვების მიმართ, ეს აჩვენებს სინამდვილეში, რატომ უნდოდათ ზოგიერთ ჯგუფებს ნიკა გვარამია და მელია ყოფილიყვნენ გარეთ, რომ ასეთი პროვოკაციები განახორციელონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი ქმედებები სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება.
„ასეთი ქმედებები გაგრძელდება, რადგან მიზანი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი ეიძულებინათ, შეეწყალებინა გვარამია, ეს იყო. მიზანი იმისა, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდმა გირაო გადაიხადა, სწორედ ეს იყო. მაგრამ ხალხისგან საკადრისი პასუხი მიიღო ამ ჯგუფმა და ყოველ ჯერზე ქართველი ხალხი გასცემს მათ პასუხს. შეიძლება, ვიღაც მოგწონდეს, გძულდეს, მაგრამ არსებობს მომენტები, როცა ადამიანმა რაღაცები არ უნდა იკადრო. როცა ამას კადრულობ, მაშინ ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. სამწუხაროდ, შექმნილი გარკვეული კასტა, რომლებიც ამის მკადრებლები არიან. მათი ლიდერებიც არ იკადრებდნენ ამას. პარლამენტში ხომ მოვლენ, ნახავთ განწყობას, იკადრებს ამას ვინმე? მაგრამ საქმეც ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სწორედ ამას აკეთებენ, ზიზღს აღვივებენ საკუთარ გუნდის წევრებსა თუ მიმდევრებში, რომ ასეთი რაღაცები იკადრონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.