საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ალდეს“ და მანამდე „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციებით საჯარო გახდა, რომ ევროკავშირი ითხოვს, ციხიდან გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, „ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა, ავტორიტარიზმი საქართველოში“.
მისი თქმით, ევროპაში ბევრი ნაწყენია იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან არ გათავისუფლდა.
„ძალიან მძიმე, მძიმე იმ მხრივ, რომ როდესაც ვსაუბრობთ „ალდეზე“, ასევე რამდენიმე დღის წინ იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ ასეთივე რეზოლუცია, ვსაუბრობთ არა უბრალოდ პარტიულ კლუბზე, სადაც იკრიბებიან პარტიული აქტივისტები და საკითხებს განიხილავენ, ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, რომელშიც შესული არიან პარტიები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში არიან ხელისუფლებაში. ჩვენ რომ გვეუბნებიან ხოლმე, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას არავინ გვთხოვდა ევროკავშირიდან, ეს არის ამის დოკუმენტი. თურმე ძალიან კარგადაც გვთხოვს ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება, რომ ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა, ავტორიტარიზმი საქართველოში, უნდა გავათავისუფლოთ. სინამდვილეში, „ევროპის სახალხო პარტიის“ და „ალდეს“ განცხადება გულისხმობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესი ხელისუფლება მოითხოვს კრიმინალის ციხიდან გათავისუფლებას. ქაღალდზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობის ხელისუფლება აწერს ხელს, როცა წერია, რომ კრიმინალი არ უნდა დაისაჯოს, იმ ქაღალდზე სხვა პუნქტებს არანაირი ფასი აღარ აქვს.
არა იპპ-მ და ალდემ, არამედ იმ ქვეყნის ხელისუფლებებმა, სადაც არიან ამ ჯგუფის გაერთიანების წარმომადგენლები, უნდა უპასუხონ კითხვას, რა უფლებით ითხოვენ კრიმინალის ციხიდან გათავისუფლებას ციხიდან. გვითხრან ერთი რომელიმე ევროპული ღირებულება, რომელსაც ეს შეესაბამება. ეს არის აბსოლუტურად ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული მოთხოვნა, ახლა უკვე საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირის წევრების უმეტესობა ამას მართლა გვთხოვს.
ხომ ამბობენ, არავინ ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასო, სინამდვილეში, აღმოჩნდა, როგორი ზეწოლის ქვეშ არის საქართველოს ხელისუფლება მას შემდეგ, რაც ჯერ შემოაპარეს ეს ადამიანი ქვეყნის ასარევად და რომ ვერ არია, შემდეგ ყველაფერს აკეთებდნენ, მათ შორის ყალბი ამერიკელი ექიმები ჩამოდიოდნენ, თაღლითი პოლონელი ექიმები, რომლებსაც წინდით გაჰქონდათ რაღაც ნიმუშები. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს ადამიანი დაეხსნათ სასჯელისგან. ფაქტობრივად, ჩვენ ვუყურებთ რაღაც ჰოლივუდის ფილმის ტიპის სცენარებს, როდესაც სპეცაგენტებს იხსნიან ხოლმე ამა თუ იმ ციხიდან. საქმე იცით, რაშია? სინამდვილეში, გადაგვაყოლეს ამ მიხეილ სააკაშვილს. ხომ ხედავთ, ბევრი ევროპაში ნაწყენია ამის გამო. გამოყვანილი ჰყავდათ დემოკრატიის შუქურად, აღმოჩნდა, რა ჩონჩხები ჰქონდა მას კარადაში, აღმოჩნდა, რომ წამების სისტემა ჰქონდა შექმნილი. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ჰქონდა შექმნილი წამების სისტემა. ამ ადამიანს მხარს რომ უჭერ და მის გათავისუფლებას ითხოვ, როგორღა უნდა იწოდო შენ ევროპელად.
როგორ შეიძლება ალდემ, იპპ-მ თქვან, ჩვენ ვართ ევროპელებიო, წამებას და წამების სისტემის შემქმნელის რეჟიმს როცა ამართლებ, აქ როგორ უნდა გვითხრას ვინმემ, რომ ევროპელი არის და ევროპულ ღირებულებებზე გველაპარაკებიან. გადაგვაყოლეს მიხეილ სააკაშვილს, მთელი ერი გადაგვაყოლეს ამას, რომ ოღონდ რამენაირად გამოაძვრინონ ის ადამიანი ციხიდან. ეს ხომ სირცხვილია და არანაირი კავშირი ევროპასთან არა აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.