მთავარი მიზანი, რაც ოპოზიციას ბოლო 12 წელია, ამოძრავებს, არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების მოპოვება, რათა გააგრძელონ რასაც 2012 წლამდე აკეთებდნენ, იყვნენ მარიონეტული რეჟიმი, რომელიც უცხო პოლიტიკური ჯგუფების, თუ ძალების დაკვეთით მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ რიტორიკა შეცვალა, რადგან ნახეს, რომ ხალხი აღშფოთებულია, რასაც ხედავდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, როცა ოპოზიცია პირდაპირ მიაქანებდა ამ ქვეყანას ომში.
„მთავარი მიზანი, რაც ოპოზიციას ბოლო 12 წელია, ამოძრავებს, არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების მოპოვება, რათა გააგრძელონ რასაც 2012 წლამდე აკეთებდნენ, იყვნენ მარიონეტული რეჟიმი, რომელიც უცხო პოლიტიკური ჯგუფების, თუ ძალების დაკვეთით მოქმედებს. სწორედ ეს არის მიზანი. ეს არის ჩვენი ბოლო 12 წლიანი ისტორია, რომ ისინი ოპოზიციიდან არასამთავრობო სექტორის, მედიის გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყნის არევას, ზეწოლას ხელისუფლებაზე და ყოველ ჯერზე ცდილობდნენ თავისი პროპაგანდით და დეზინფორმაციით რაიმენაირად ძალაუფლებაში მოსვლას.
გამოვიდნენ სტუდიებიდან, ფეისბუკგვერდებიდან, ჩავიდნენ, შეხვდნენ ხალხს და მიიღეს პასუხი, რომ ქართველი ხალხი აღშფოთებულია იმით, რასაც ხედავდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიცია პირდაპირ მიაქანებდა ამ ქვეყანას ომში. სწორედ ამიტომაც შეიცვალა რიტორიკა. დიდი ალბათობით, სწორედ მათი უცხოელი კურატორების რჩევით და რეკომენდაციით, რათა რაიმენაირად შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა, თითქოს ახლა ისინი არიან მშვიდობის და კეთილდღეობის მხარეს. მაშინ, როდესაც მთელი ეს წლები და განსაკუთრებით ბოლო ორი წელი ძირს უთხრიდნენ როგორც მშვიდობას ამ ქვეყანაში, ისე ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა ეს არის სწორედ მათი განსაკუთრებული ლუსტრაციის მიზეზი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. ხედავენ, ხალხი მათ აღარ დაუჯერებს, ვინაიდან ხვდებიან და ნახეს, პირდაპირ ეთერებში ხედავდნენ, რას აკეთებდა ეს ხალხი და როგორ უთხრიდა ძირს საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.