მოვუწოდებ ბრიუსელის ბიუროკრატიას, დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას, ჩვენ იმიტომ არ გამოვექეცით საბჭოთა კავშირს, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, კაია კალასი ვერ აცნობიერებს, რა არის ევროპული ღირებულებები.
„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მუქარას რაც შეეხება, რომელიც ასევე მოვისმინეთ კალასის მხრიდან, შეგახსენებთ, რომ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური სამსახურის პასპორტებზე სავიზო მიმოსვლის შემოღების თაობაზე არის დარღვევა 2010 წლის ხელშეკრულების. ამაზე არაერთხელ განვაცხადე და ხედავთ, რომ ვერც კი შეეწინააღმდეგა ვერც ევროკავშირის წარმომადგენლობა, ვერც ბრიუსელიდან რომელიმე ჩინოვნიკი. ეს არის ღია, აშკარა, უხეში დარღვევა საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც 2010 წელს არის დადებული. ამიტომ, ასეთ ნაბიჯებზე როცა მიდის ბრიუსელი და მისი ჩინოვნიკები, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვიონ, გასაკვირი არ არის მსგავსი მუქარები, ამ ტონით საუბარი დამოუკიდებელ ხალხთან. სხვებს ედავებიან და ამ დროს, თვითონ არღვევენ საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოსთან. ჩვენ იმიტომ არ გამოვექეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა. მოვუწოდებ ბრიუსელის ბიუროკრატიას, დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას. დღეს რასაც ვისმენდით უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან, ეს არის ადამიანის უფლებების უპატივცემულობა, რადგან მართლმსაჯულება, მათ შორის ემსახურება დაზარალებულების უფლებების აღდგენას. როგორც ჩანს, კალასისთვის ღირებულებას არ წარმოადგენს დამწვრობამიღებული პოლიციელი, როგორც ჩანს, კალასითვის არაფერს წარმოადგენს, წიხლებით რომ შედგნენ პოლიციელს, ასევე, როგორც ჩანს, მისთვის არაფერს წარმოადგენს, საქართველოს პარლამენტს რომ წვავდნენ და საჭიროდ არ მიიჩნევს მართლმსაჯულების განხორციელებას. ამიტომ, როგორც ჩანს, კალასი ვერ აცნობიერებს, რა არის ევროპული ღირებულებები. ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა სულაც არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას. ამის კარგ მაგალითს გვიჩვენებს ბალტიის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ვერ გამოვიდა საბჭოთა მენტალიტეტიდან და ცდილობს, საბჭოთა მენტალიტეტის მთავარი დამმკვიდრებელი გახდეს ბრიუსელში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.