მოვუწოდებ ამერიკულ, ევროპულ ფონდებს, ყველა დონორს, გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსებები, ქართველ ხალხს უფლება აქვს, იცოდეს, რაში იხარჯება ეს ფული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი არის ყველაზე გაუმჭვირვალე იმ ჯგუფებსა და სექტორებს შორის, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადებაში.
„შარშან მარტში სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტა გვინდოდა კანონმდებლობით. მაშინ ვნახეთ, რომ ზუსტად იმ დონორების არასამთავრობო ორგანიზებით მოხდა ძალადობრივი თავდასხმა პარლამენტზე, რომლებიც თავიანთ ხარჯებს მალავენ. მათ შორის ვნახეთ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად „მოლოტოვის“ კოქტეილები გვესროლეს. ახლახან ვნახეთ კიდეც, „თბილისი პრაიდის“ კორესპონდენცია გასაჯაროვდა, თურმე შარშან, მარტში, კოორდინირებული ქმედებები იყო „ენჯეოების“ და მათი დონორებისა. წერილში წერია, როგორც შარშან გვქონდა კოორდინაცია, ახლაც ასე ვაპირებთ კოორდინაციასო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შარშან მარტში ძალადობრივი აქციები, რომლებიც იმართებოდა – თავდასხმა პარლამენტზე, „მოლოტოვის“ კოქტეილების გამოყენება, მთელი არეულობა ორი-სამი დღის განმავლობაში, კოორდინირებული იყო „ენჯეოებსა“ და ზოგიერთ დონორს შორის.
რაც შეეხება ამერიკულ დაფინანსებას, სამწუხაროდ, დღეს კვლავ არის გამოწვევა, რომ ამ დაფინანსების ნაწილი დამალულია ქართული საზოგადოებისგან. არაერთხელ მითქვამს, მათ შორის პარტნიორებთან ეს საკითხი დამიყენებია. მაგალითად, ამერიკის დემოკრატიის ფონდი თავის ხარჯებს არ ასაჯაროებს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდე, მათ შორის შეხვედრების დროს. მალავენ, რაში ხარჯავენ ისინი ფულს და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ფული არის პოლიტიკური ფული, მიედინება პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციისკენ. მაგალითად მოგიყვანთ, ამერიკის დემოკრატიის ფონდის დაფინანსება არის ხოლმე პარტიულ ღონისძიებებში, იქნება ეს „დროა“, „ევროპული საქართველო“, „სირცხვილია“ და ასე შემდეგ. მათ შორის 2020 წლის არჩევნების წინ ამერიკის დემოკრატიის ფონდი პირდაპირ ხელფასს უხდიდა „ტვ პირველის“ თანამშრომლებს. „ტვ პირველის“ ჟურნალისტების ხელფასებს 2020 წლის არჩევნების წინ აფინანსებდა ამერიკულო ფონდი. ეს არის პერიოდი, როდესაც „ტვ პირველში“ პირდაპირ იყო დეზინფორმაციული კამპანია წარმოებული ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმეებთან დაკავშირებით. ამაში იხდიდნენ ფულს, ამერიკელი გადამხდელების ფული იხარჯებოდა, რათა საქართველოში წინასაარჩევნოდ პარტიულ მედიას დეზინფორმაციული კამპანია ეწარმოებინა. შემდეგ გამოვლინდება ხოლმე, რომ ასეთ პოლიტიკურ აქტივობებში იხარჯება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული, რაც არის, როგორც ქართული კანონმდებლობის დარღვევა, ისე ამერიკული კანონმდებლობის.
სამწუხაროდ, დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის საჯარო იყოს ფული, რომელზეც საუბრობენ და ამ ყველაფერს ცოტა დაყვედრების ხასიათი აქვს. ეს ფული ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ თუ იხარჯება, მგონი, ქართველი ხალხი ბრბო არ არის და უფლება აქვს, იცოდეს, რაში და როგორ იხარჯება ეს ფული.
ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომლის მმართველობაში კარგად თუ ცუდად ნაცნობი ზოგიერთი ევროპარლამენტარი არის, პირდაპირ პარტიებს აფინანსებს, ამ ყველაფერს მალავს, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებები, მიმართვები გვქონდა. უბრალოდ მალავენ, საქართველოს მოქალაქეებს საერთოდ არ აგდებენ რაიმე უფლების მქონედ. ჩამოდიან აქ ფულით, ხარჯავენ ფულს პოლიტიკურად და თითქოს, ასეც უნდა იყოს. საქართველოში ასეთი რუსული მეთოდებით ფულის ხარჯვა უნდა დასრულდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ როგორც ამერიკულ, ისე ევროპულ ფონდებს, მოვუწოდებ ყველა დონორს, ეს ეხება ამერიკულ საბიუჯეტო სახსრებსაც და ევროკავშირის საბიუჯეტო სახსრებსაც, გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსებები. ამის უფლება აქვთ როგორც მათ მოქალაქეებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.