მოვისმინეთ მიხაელ როთისგან თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე, ქარაფშუტა პოლიტიკოსები თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას, ვერც აცნობიერებენ, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, მის სახელს საქართველოში, ზუსტად ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც ერთი სელფის გადაღების გამო შეუძლიათ, გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისკენ და არეულობისკენ, ასეთები არიან, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, გავაიგივოთ ევროპასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ქვეყნისგან მოჰყვეს შეფასება იმ ქმედებას, რაც გუშინ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის წარმომადგენელმა გააკეთა.
„ჩვენ გუშინ ვიხილეთ სამწუხარო ფაქტი, როდესაც უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრები და კომიტეტის თავმჯდომარეები გამოვიდნენ ანტისამთავრობო მიტინგზე. ეს იყო ყველაზე კარგი ილუსტრაცია უცხოური გავლენების. ჩვენ გუშინ ვიხილეთ უცხოელი აქტორები, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდიოდნენ სიტყვით. უცხოელი გამოდის ანტისამთავრობო მიტინგზე, რომელიც მის მიერ დაფინანსებული „ენჯეოსგან“ არის დაფინანსებული. მთელი წერ შეკრულია უცხოური გავლენის ცუდი მხარისა. წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება გერმანიაში აფინანსებდეს „ენჯეოებს“, მათ მოაწყონ დემონსტრაცია, იქ ჩავიდეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ნიკოლოზ სამხარაძე და სამთავრობო პარტიას ეძახოს კოშმარი, რაც გააკეთა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლიტვის კომიტეტის თავმჯდომარემ. წარმოგიდგენიათ, რა პასუხი ექნებოდა ნიკოლოზ სამხარაძეს ვილნიუსში ან ბერლინში ასე რომ გამოვიდეს და იმ „ენჯეოს“ ბედი რა იქნებოდა, რომელიც ასეთ მიტინგს მოაწყობდა, იქ თავის დამფინანსებელ პოლიტიკოსებს ჩაიყვანდა. აბსურდია ეს სქემა და ამას ჩადიან ევროპელები საქართველოში. ეს არის აღმაშფოთებელი განსაკუთრებით იმ ორი ადამიანის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამწუხაროა ქართულ ეკლესიაზე თავდასხმა.
„ასევე, მოვისმინეთ ბატონი როთისგან თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და ეს არის ყველაზე სამწუხარო. იცით, ჩემი განსაკუთრებული კავშირი გერმანულ დახმარებასთან საქართველოში. 30-წლიანი დახმარება საქართველოს მიმართ, რომელიც ქართველი ხალხის მხრიდან იყო პატივცემული ბევრი მიზეზის გამო. ერთი ხელის მოსმით, წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები ამას. თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას, ვერც აცნობიერებენ, რას აკეთებენ ამით, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, მის სახელს საქართველოში, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ასოცირდება ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმაზე. ზუსტად ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც ერთი სელფის გადაღების გამო შეუძლიათ, გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისკენ და არეულობისკენ, ასეთები არიან, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, გავაიგივოთ ევროპასთან. ამიტომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი შეფასებები მოჰყვეს, მათ შორის მათი პარტიების მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
14 მაისს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ და აქციის მონაწილეებს მიმართეს.
ამასთან, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: "როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“.