საქართველო-ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველომ არსებითი დახმარება მიიღო ალიანსისგან, მაგრამ, თვისებრივი თვალსაზრისით, ცოტა რამ თუ შეიცვალა ნატო-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილშია ნათქვამი.
„თუკი ქართველებს რომელიმე პოლიტიკური მიზანი გვაერთიანებს, უპირველესად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. 2002 წლის ნოემბერში, ალიანსის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ მოისმინა, ასეთი რამ თქვა: „გთხოვთ, დიდხანს ნუ გაგვაჩერებთ ღია კარში, შეიძლება ორპირ ქარში გავცივდეთო“.
იყო რაღაც წინასწარმეტყველური 20 წელზე მეტი ხნის წინ შევარდნაძის ნახევრად ხუმრობით წარმოთქმულ გაფრთხილებაში ნატო-ს მიმართ. მართალია, ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, ნატო-ს მხრიდან საქართველოს წევრობისადმი მიდგომაში, თვისებრივად, ცოტა რამ თუ შეიცვალა. ბოლო ათწლეულში საქართველომ ძირეულად შეცვალა დემოკრატიული ინსტიტუტები, უკან მოიტოვა მმართველობის ავტორიტარული სისტემა, ხოლო თავდაცვის შესაძლებლობები ნატო-ს სტანდარტებამდე გააუმჯობესა. ნატო კი სამიტიდან სამიტამდე მხოლოდ იმეორებს დაპირებას წევრობის შესახებ.
მართალია, საქართველო-ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველომ არსებითი დახმარება მიიღო ალიანსისგან, მაგრამ, თვისებრივი თვალსაზრისით, ცოტა რამ თუ შეიცვალა ნატო-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. თავის დროზე არსებობდა სერიოზული ეჭვები საქართველოს მზაობის თაობაზე, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული და სპონტანური მმართველობის ფონზე, მაგრამ დღეს საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატო-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის ღია წერილში.