„უპირველეს ყოვლისა, შევაფასოთ გიორგი გახარიას სამართლებრივი სტატუსი, ის გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი 2024 წლის არჩევნების შედეგად, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა, ვინაიდან მან მანდატი არ განახორციელა, რომელიც მისმა ამომრჩევლებმა მისცეს. დღეს ის არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი, დღეს ის არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი, ეს არის მისი სამართლებრივი სტატუსი, უცხო ქვეყნის რეზიდენტისა, რომელიც გაექცა თავის პარტიას, გაექცა თავის ამომრჩეველს, გაიქცა ქვეყნიდან, სად გარბის, რატომ გარბის, ვერავისთვის აუხსნია. " - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა. 

"რაც შეეხება განცხადებას მანდატებთან დაკავშირებით, ეს მათი გადასაწყვეტია, საქართველოს პარლამენტი არ არის აწყობილი იმაზე, რადიკალური ოპოზიცია როგორ მოიქცევა. წინა მოწვევის პარლამენტშიც ვხედავდით, რომ ოპოზიცია ერთი წელი შეეცადა, რომ ეჯანჯღარებინა ეს ქვეყანა, არაფერი გამოვიდა და ბოლოს შემოვიდა პარლამენტში, თუმცა მათ ყოფნა-არყოფნას აქ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან თუ მოდიოდნენ, მოდიოდნენ პლენარულ  სხდომაზე, რათა რაღაც აყალმაყალი მოეწყოთ, ისიც თვეში ერთხელ, სხვა დანარჩენი სარგებელი, არც საქართველოს პარლამენტს, არც ქართველ ხალხს მათი პარლამენტში ყოფნისგან არ მიუღია. ამიტომ, მათი გადასაწყვეტია, რა უნდათ. ერთადერთი ამ 12 ადამიანს, რომლის უფლებამოსილებასაც დღეს ცნობს პარლამენტი, მათ შორის არის სახელი და გვარები, რომლებსაც არ ვიცნობთ, პირველ 12-ეულს მიღმა ხალხი არის, ერთადერთი მათ მოვუწოდებ, რომ დაფიქრდნენ, გაიაზრონ,  მგონი, დღეს ხელისუფლება-ოპოზიცია, ყველა პოლიტიკური თუ აპოლიტიკური ძალა ერთ რამეზე თანხმდება, რაც ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ გიორგი გახარია არის ჩვეულებრივი ბოლი, ადამიანი გაიქცა უცხო ქვეყნის რეზიდენტი გახდა და კიდე ყელყელაობს იქიდან, რაღაცებს საუბრობს, პროექტები უნდა განვახორციელოო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.