ევროპაში, ყველაზე შეუბღალავი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციამ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი და მეორე მხრივ, მეორე ინსტიტუციამ, რომელსაც აქვს რეპუტაციული გამოწვევები, თავის რეზოლუციაში თქვა, რომ კანონის უზენაესობა არის არა კანონის უზენაესობა, არამედ ეს არის ვენდეტა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ამხელს გირგვლიანის საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში და მის დანაშაულს, რისთვისაც ახლა ის სასჯელს იხდის – ხელს ადებს. ამავე დროს, დღევანდელი ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ამხელს მის სისტემას, როგორც გულაგების სისტემას, სადაც იყო წამების სისტემა და მეორე მხრივ, გვყავს პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის, ვინც დღეს ევროპული დემოკრატია უნდა გადაარჩინოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.