პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ რეზოლუციები დეზინფორმაციის წყაროდ იქცა. მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც არასწორ ინფორმაციებს მოიცავს.
„სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის წყაროდ, ასევე საქართველოზე თავდასხმად. წინა რეზოლუციებშიც ბევრი შეცდომა, უზუსტობა და დეზინფორმაცია იყო. ამ შემთხვევაშიც, ამ რეზოლუციის პირველივე წინადადება სიტუაციას ისე წარმოაჩენს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო დევნილი საკუთარი სამშობლოდან, არადა, ჩვენ ხომ ვიცით, რა არის ჩვენი უახლოესი ისტორია. უახლოესი ისტორია არის, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცა საქართველოდან. ქართულმა მართლმსაჯულებამ ის ბრალდებულად ცნო დანაშაულებში. გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგმა პირდაპირ დაადო ხელი მიხეილ სააკაშვილს და ქართულმა სასამართლომ მიუსაჯა შესაბამისი სასჯელი. ასევე, გელაშვილის ფაქტზე შესაბამისი სასჯელი აქვს და კიდევ სამი საქმე მიმდინარეობს, განხილვაშია.
ყველამ, მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, როგორ იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი რძის პროდუქტების კონტეინერში და შემოიპარა საქართველოში. ეს ხომ არ არის მარტო ის ისტორია, რომელიც ჩვენ, ქართველებმა ვიცით. ამიტომ, ცინიზმია, დევნილი უწოდო ადამიანს, რომელიც გაექცა მართლმსაჯულებას, ხოლო საქართველოში შემოპარვას უწოდო დაბრუნება სამშობლოში. ეს არის ქართველი ხალხის მიმართ იმ დამოკიდებულების ჩვენება, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები არიან მიხეილ სააკაშვილის და არა საქართველოს მეგობრები, რომლებიც მზად არიან, საქართველოს, მათ შორის ევროპული მომავალი ერთ ადამიანს გადააყოლონ. ასე მოხდა ივნისშიც, როდესაც გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე, დაჩქარებულად იქნა რეზოლუცია მიღებული, სადაც ჩაწერილია დეზინფორმაცია. მაშინ ოლიგარქიაზე იყო ჩანაწერი, რაც გარკვეულწილად მცდელობაა, საქართველოს ევროპულ მომავალს იმის გამო შეუშალონ ხელი, რომ პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფი არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და არა საქართველოსი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.