ევროკომისიის სპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის აქციას. ყურებს არ ვუჯერებდი, როდესაც გეოგრაფიული ბრიუსელიდან გვესმოდა ეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ეს ღირებულებითი კატასტროფა და პირდაპირი პასუხისმგებლობის გაზიარებაა იმ შესაძლო ძალადობაზე, რაც „ნაცმოძრაობის“ დაორგანიზებული აქციიდან იქნება“.
„დაანონსებულია ძალადობა, 4 ოქტომბერს დააანონსეს დამხობა, ანუ ძალადობა. ეს არის სწორედ მთავარი საკითხი. თუ არ ვცდები, გუშინ იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება. აბსოლუტური კატასტროფა იყო, რაც მოვისმინეთ, რომ სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებულ 4 ოქტომბრის დამხობის ღონისძიებას. ხომ ეს თქვა, რომ სოლიდარულია აქციის მონაწილეების მიმართ. რას უცხადებს სოლიდარობას, რომ გავითვალისწინოთ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 ოქტომბერს, იმ დღეს, როცა ტარდება არჩევნები, ოთხ საათზე, როდესაც არჩევნები და ხმის მიცემა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, დააანონსა ძალადობრივი აქცია, დამხობა და ქვეყნის ატრიალება. ნაცვლად იმისა, ევროკომისიის სპიკერის მხრიდან 4 ოქტომბერთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად ვისმენდეთ, რომ არჩევნების დღეა, მნიშვნელოვანია, ყველამ მიიღოს მონაწილეობა, მივიდეს არჩევნებზე, ეს კონკრეტული სპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის აქციას. ვისმენდი და ყურებს არ ვუჯერებდი, როდესაც გეოგრაფიული ბრიუსელიდან გვესმოდა ეს. აბსოლუტური ღირებულებითი კატასტროფაა, რაც ამ სიტყვებში ამოვიკითხეთ. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის გაზიარება იმ შესაძლო ძალადობაზე, რაც „ნაცმოძრაობის“ დაორგანიზებული აქციიდან იქნება. ამიტომ მინდა, გუშინდელი ეს განცხადება კარგად დაიმახსოვროს ყველა ქართველმა და კარგად დაიმახსოვროს ყველა უცხოელმა. 4 ოქტომბერს თუ იქნება რაიმე ძალადობა, ერთ ქვასაც თუ ვინმე გაისვრის პოლიციის მიმართულებით, აღარ ვსაუბრობ „მოლოტივის კოქტეილებზე“ და რაღაცებზე, ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობის, გუშინდელი განცხადებით ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას მისი პრესსპიკერის სახით. ეს უნდა აღიქვას ევროკომისიამ, რომ საქართველო არ არის არავის სათამაშო და ქართველების ბედი, ქართველების სიცოცხლე, ჯანმრთელობა არ არის ბრიუსელის სათამაშო ინსტრუმენტი. ან გულუბრყვილოები, მიამიტები არიან და ვერ ხვდებიან, რასთან აქვთ საქმე, ან როგორ შეიძლებოდა, ეს სიტყვები ეთქვა, რომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად დაანონსებულ ძალადობრივ დამხობის აქციას გამოუცხადა სოლიდარობა.
ნაციონალურ მოძრაობას გამოუცხადა სოლიდარობა. ქართულ ენაში ვერკვევი და სიტყვა დამხობა რას ნიშნავს, ლიტერატურულად და სიტყვა დამხობა რას ნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსში, ეს იცის საქართველომ თავისი 90-იანი წლების ისტორიით. აქ შტერი არავინ არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ქართულ საზოგადოებას არ უნდა, იხილოს ძალადობა.
„ქართულ საზოგადოებას არ უნდა იხილოს ის, რაც იხილა დეკემბერში, როდესაც იმ ადამიანებმა თვალში მხედველობა დააკარგვინეს პოლიციელს. დააზიანეს რამდენიმე ათეული პოლიციელი, გადაწვეს პარლამენტის რამდენიმე ოთახი. ფაქტობრივად, დადგმული, ვირტუალური ომი ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, როდესაც ასაფეთქებელი პიროტექნიკით წვავდნენ პოლიციის მანქანებს, ცეცხლს უკიდებდნენ, ესროდნენ ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“. გუშინ გამოდის ევროკომისიის პრესსპიკერი და ამბობს, რომ მხარდაჭერას უცხადებს. 4 ოქტომბერს ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობის, ერთი ნასროლი ქვაც და ერთი შეურაცხყოფა პოლიციელის, თავდასხმა პოლიციელზე, თავდასხმა მოქალაქეებზე, სხვადასხვა საკუთრებაზე რუსთაველის გამზირზე თუ სხვა სახელმწიფო შენობაზე, გუშინდელი განცხადების შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას. ნერვებმა უმტყუნა მგონი ევროკავშირის ელჩს. მისი ინფორმაციით აკეთებს ხომ ამ განცხადებას პრესსპიკერი. როგორც ჩანს, მან ეს ინფორმაცია მიაწოდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და მისი პასუხისმგებლობაც იქნება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი კითხვის საპასუხოდ, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა: „სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ“.