ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია, რადგან ყოველი წევრის ხმა გადამწყვეტია. მგონი, ჩვენი ოპონენტები ზუსტად ამაში უნდა დარწმუნდნენ, უნგრეთის კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ რამდენად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ უნგრეთიდან მხარდაჭერის გზავნილები გვესმის, რაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ოპონენტები მიხვდებიან და საკუთარ დამოკიდებულებას გადაიაზრებენ. საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ის უზრუნველყო, მათ შორის, რომ მართალია, უნგრეთს აქვს კრიტიკული მიდგომები ზოგადად გაფართოების საკითხებზე, მაგრამ საქართველოს მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს და ეს საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ევროპული ღირებულებები უკარნახებს ყველას, ინდივიდუალურად მიუდგნენ ყველა ქვეყანას და გადაწყვეტილებაც იყოს ინდივიდუალური.
„რაც შეეხება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და საუბარს, თითქოს შესაძლოა, უნგრეთის პოზიციამ რომელიმე სხვა ქვეყანა დააკავშიროს საქართველოს საკითხთან, ვფიქრობ, ეს არ იქნებოდა სწორი მიდგომა და კიდევ ერთხელ იქნებოდა საქართველოს ინსტრუმენტალიზირება, თუ მოხდებოდა რაღაც შიდა დისკუსიების გამო, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს შორის არის. დამოკიდებულება, რომ ერთი ქვეყანა თუ რაღაც გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ სხვა ქვეყანა საქართველოს არ დაუჭერს მხარს, ეს კიდევ ერთხელ უსამართლობა იქნებოდა ქართველი ხალხის მიმართ და საქართველოს დაჩაგვრაა. დარწმუნებული ვარ, ევროპული ღირებულებები ყველას სწორედ იმას უკარნახებს, რომ ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ ყველა ქვეყანას და გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ინდივიდუალური.
ჩვენ გვაქვს პოზიტიური დასკვნა ევროკომისიიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გზავნილები აქამდეც გვესმოდა. რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხია, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ. ევროპა თავისი არსით ინდივიდუალურ მიდგომას გულისხმობს და არა კოლექტივიზმს. ახლა, როდესაც საუბარია ვითომ პაკეტზე, მაშინ ჩნდება კითხვა – შარშან ივნისიში არ იყო ერთი პაკეტი? შარშან თუ იყო სხვადახვა გადაწყვეტილება, მაშინ ახლა რატომ არ შეიძლება, რომ თუ ერთ სხვა გადაწყვეტილებაზე ვერ თანხმდებიან, მაშინ ამას უნდა შეეწიროს საქართველოს ინტერესები? ვფიქრობ, სწორედ ჩვენი საზიარო ევროპული ინტერესი და ღირებულებაა, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ინდივიდუალური შეფასებებით და არა რაღაც კოლექტიური მიდგომებით. მით უმეტეს, არ შეიძლება, ისეთი აღქმა შეიქმნას, თითქოს რომელიმე ქვეყანა საქართველოს იყენებს ზეწოლის ინსტრუმენტად და საქართველოს მიღწევები, ხალხი და ინტერესები პოლიტიკური ვაჭრობის საგანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.