ასე ძალიან რომ ფიქრობთ, რომელი საელჩო რაში დახარჯავს ფულს, რამდენი დღე გავიდა, რაც იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი ჩამოვიდა, რომელშიც რამდენიმე მილიონი გადაიხადა ბიძინა ივანიშვილმა. ერთი მადლობა თუ გადაუხდია ვინმეს ბიძინა ივანიშვილისთვის ოპოზიციურ-ენჯეური, ოპოზიციურ-მედიური ფლანგიდან, რომ დღეს პირველად გვაქვს იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოს ტერიტორიაზე?! – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ მედიას „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი როდესაც აუქციონზე გამოვიდა, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციასაც ბიძინა ივანიშვილი გაახსენდა, რადგან ეს არის ის ადამიანი, რომლის იმედიც მის მტრებსაც აქვთ, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხებს.
„ამაზე ვინმემ მადლობა გადაიხადა? წარმოიდგინეთ, რომ ასეთ ხელნაწერში რომელიმე თქვენი სიმპათიის მქონე დონორს დაეხარჯა ფული. აქ ხომ დაიღვრებოდით მადლობებში, ეს ხომ იქნებოდა იმ ქვეყნის დროშების ფრიალის მთელი წარმოდგენა იმ დღეს, რადგან ეს როგორი წყალობა გაიღო ქვეყანამ, რომ ჩვენ რაღაც გაგვიკეთა. ერთი მადლობა ქართველისთვის გენანებათ, რომელმაც აქამდე ამდენი სიკეთე გააკეთა და ახლაც ასეთი სიკეთე გააკეთა.
შეგახსენებთ, როდესაც ეს ხელნაწერი აუქციონზე გამოვიდა, მაშინ სოციალურ ქსელში ზუსტად იგივე ჯგუფები, რომლებსაც მადლობა ენანებათ, როგორ ამბავში იყვნენ – აბა, იქნება ვინმემ იყიდოს და ვინ გაახსენდა ყველას ამ ქვეყანაში? ცოტა არის ფულიანი? თქვენი მფლობელი მამუკა ხაზარაძე? რა, ფული არ აქვს? რატომ არ იყიდა? მეორე ტელევიზიის მფლობელი კეზერაშვილი? ფული არ აქვს? რატომ არ იყიდა? რატომ გაახსენდა ყველას, ოპოზიციასაც, მედიასაც, ენჯეოსაც, იმ მომენტში ბიძინა ივანიშვილი? და ხომ არ იყიდდა ბიძინა ივანიშვილი და ჩამოიტანდა ამ ხელნაწერს საქართველოში. ამიტომ გაახსენდათ, რომ ეს არის ის ადამიანი, რომლის იმედიც, როგორც აღმოჩნდა, აქვთ მის მტრებსაც კი, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.