საქართველო სხვანაირი ევროპის თანაშემოქმედია და არა იმ ევროპის, რომელიც გაუმჭვირვალედ აფინანსებს სხვა ქვეყანაში რადიკალურ, ექსტრემისტულ ჯგუფებს და პარტიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, განცხადებებმა, რომელიც გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს ეხებოდა, ბიძგი მისცა დეზინფორმაციულ კამპანიას.
„ერთ-ერთმა ელჩმა დაბრენდა, პირველმა მან ახსენა „რუსული“ ამ კანონთან დაკავშირებით, რაც იყო ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სამწუხაროდ, ცუდი როლი შეასრულა და ამით ბიძგი მისცა დეზინფორმაციულ კამპანიას. ავიღოთ ერთ-ერთი სკანდალი, რომელიც ეხებოდა ჯარიმების დაფარვას, „დემოკრატიის ინიციატივა“ იყო, მგონი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვებგვერდზე USAID-ის ლოგო იყო და მან მოახსნევინა ლოგო. შემდეგ გააჩინეს „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ლოგო. აღმოჩნდა, რომ თურმე იქიდან ფინანსდებოდა. მანამდე მალავდნენ. საქმე რომ გასკდა, რომ ჯარიმები ფინანსდებოდა, შემდეგ მოუწიათ აღიარება, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდიდან“ იყო შემოსული. ეს ფონდები რასაც აკეთებენ, არაფერი საერთო არ აქვს ევროპასთან, რომელიც ჩვენ ვართ. საქართველო სხვანაირი ევროპის თანაშემოქმედია და არა იმ ევროპის, რომელიც გაუმჭვირვალედ აფინანსებს სხვა ქვეყანაში რადიკალურ, ექსტრემისტულ ჯგუფებს და პარტიებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.