დღეს დემოკრატიული არჩევნების დღეა, არის შანსი ყველა უცხოელისთვის, რომელმაც შარშან განიზრახა საკუთარი ვირტუალური საქართველოს შექმნა, დაფიქრდნენ საკუთარ ქმედებებზე, აღიარონ დემოკრატიული არჩევნები, თვალი გაუსწორონ რეალობას, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი აკეთებს თავის არჩევანს და ყველამ უნდა სცეს ამას პატივი.

„ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების აღიარება, არჩევნების აღიარებას დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორებს ქართველი ხალხი არჩევნებზე მოსვლით და კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის თავს მანდატს. ასე რომ, საკითხი შემდეგშია, კითხვები ჩვენ კი არ მოგვემართება, მიემართებათ უცხოელებს, რომ ფართოდ გაახილონ თვალები და აღიარონ რეალობა. ვირტუალურ რეალობაში და მათ სასურველ რეალობაში რომ სურთ ცხოვრება, ასე არ არის. ცხოვრება ასე არა არის აწყობილი, საკუთარი ბაღივით რომ მოიწყონ და თავისი ვირტუალური საქართველო შეიქმნან. ქართველი ხალხი აკეთებს თავის არჩევანს, აძლევს მანდატს, ვისაც უნდა, ეს არის დემოკრატია და ყველამ უნდა სცეს ამას პატივი. ხალხის არჩევანს ვინც არ სცემს პატივს, ის არის ანტიდემოკრატი.

შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დამარცხებული ამომრჩეველი ოპოზიციის გაარადიკალეს მათმა პარტიებმა და უცხოელებმა. რამდენიმე ასეულობით ათასი, თუ არ ვცდები, 800 ათასი ამომრჩეველი ჰყავდა ოპოზიციას. რა თქმა უნდა, არის ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელიც ყოველთვის შეძლებს რუსთაველის გამზირის შევსებას. ოპოზიციასაც თავისი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ დემოკრატია სხვანაირად მუშაობს. დემოკრატია არ არის აპარტეიდი, სადაც უმცირესობა მართავს უმრავლესობას, ხოლო დემოკრატია, სადაც უმრავლესობის ნებაა გადამწყვეტი. დღეს დემოკრატიული არჩევნების დღეა, დღეს არის შანსი ყველა უცხოელისთვის, რომელმაც შარშან განიზრახა საკუთარი ვირტუალური საქართველოს შექმნა, ანტი გზებით, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ საკუთარ  ქმედებებზე, აღიარონ დემოკრატიული, ქართველი ხალხის არჩევნები, თვალი გაუსწორონ რეალობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.