ჩვენი გზა არასდროს ყოფილა უკან დახევა, თავის დაზოგვა და განზე დგომა. ქართველებმა ეს დავამტკიცეთ ათასწლეულების განმავლობაში და ვამტკიცებთ დღესაც,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, ქართველებმა კარგად იციან მეგობრობის ფასი, თუმცა მისი თქმით დღესაც ვხედავთ მაგალითებს, რომ ზოგიერთი, ვინც ოჯახში მეგობრად მიიღეს, ქართველების ცხოვრების მართვა და განკარგვა მოინდომა.

,,ჩვენ ვიცით მეგობრობა და ძმობა, ვიცით ბრძოლა და მოყვასისთვის თავგანწირვა. მაგრამ ჩვენს ხანგრძლივ ისტორიაში ისიც გვინახავს, რომ ზოგს ჩვენი სტუმართმოყვარეობა ფეხქვეშ გაგება ჰგონებია, მეგობრობა კი - მორჩილება.

ბევრს მოუსურვებია ჩვენი მართვა პიტიახშებით, მარზპანებით, მთავარმართებლებით თუ მეორე მდივნებით. დღესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთმა, ვინც ოჯახში მეგობრად მივიღეთ, ჩვენი ცხოვრების მართვა და განკარგვა მოინდომა. ვინც კი ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავი ლამის ჩვენზე დიდ ქართველად მოაქვს და ხალხის სახელით გველაპარაკება. ამას არაფერი აქვს საერთო არც მეგობრობასთან, არც დემოკრატიასთან და არც ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემასთან.

ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი, რომელზეც ქართველმა ხალხმა იმდენად მძლავრად უნდა თქვას, რომ ირჩევს მშვიდობას და არა ომს, ოჯახურ ღირებულებებს და არა ლგბტ პროპაგანდას, სარწმუნოების პატივისცემას და არა ეკლესიის გმობას, რომ ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის სახელით საუბარი. ამის მთავარი გარანტია „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაა,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.