ეჭვის თვალით ვუყურებთ ნებისმიერ ფულად ნაკადს საქართველოში, ამაში დამნაშავე არიან თავად დონორები, რომლებმაც სახელი გაიფუჭეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის ოთხი სენატორისა და ორი კონგრესმენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსადმი გაგზავნილ წერილზე, სადაც მოუწოდებენ, საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარეო სამსახურის ყოფილ თანამშრომლებსა და სხვა პერსონალს არ დასწამებენ ცილს და არ გახდებიან სამიზნეები.

„სხვადასხვა დიდი მოცულობის გადარიცხვებს რაც შეეხება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება საქართველოში, ბოდიში, მაგრამ USAID-ი ჩვენ დავხურეთ თუ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ დახურა? USAID-ის მიმართ ბრალდებები იყო ის, რომ ცდილობენ სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის შეტანას და რომ ეს იყო იარაღი ხელისუფლების ცვლილებისა, ხალხზე მოქმედებისა და აშ. ასე რომ, ის, რომ ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ ნებისმიერ ფულად ნაკადს საქართველოში, ამაში დამნაშავე არიან თავად ის დონორები, რომლებმაც სახელი გაიფუჭეს. ნებისმიერი დონორის თანხის მოძრაობას ქართველი ხალხი უყურებს ეჭვით. ეს არის სწორედ ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის ელჩების, სხვადასხვა დონორის დამსახურება, რომ ისე გაიფუჭეს სახელი და წაიხდინეს რეპუტაცია, რომ ნებისმიერი ასეთი ტრანზაქცია ქართველ ხალხში განგაშს იწვევს, ხომ არ არის შემთხვევით ეს რაიმე თანხები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რამდენიმე წინასწარ დაანონსებული რევოლუცია ვერ შედგა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე, ეჭვის თვალით უყურებს სწორედ მსგავს ტრანზაქციებს, რაც მათი ვალდებულებაა.

„ჩვენი მოლოდინი და მოთხოვნაც არის, რომ უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის ძალიან დეტალურად დააკვირდეს ასეთ ტრანზაქციებს. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრა სუს-ის ხელმძღვანელმა, რომ დაკვირვების ქვეშ იყო, ხდებოდა დიდი თანხების მოძრაობა, რომლებიც მიემართებოდა სხვადასხვა ინსტიტუტს, მათ შორის საკანონმდებლო ინსტიტუტებს. აქ არსებობდა გარკვეული კითხვის ნიშნები, თუ რას ხმარდება ეს ყველაფერი. ამ ყველაფერში დამნაშავე არიან თავად ის დონორები, რომლებმაც რეპუტაცია შეილახეს. აღმოჩნდა, რომ აქციების დროს, მაგალითად, დეკემბერში, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აღჭურვილობას ევროკავშირის ფულის ყიდულობდნენ. დადასტურდა, რომ დეზინფორმაცია და პროპაგანდა ფინანსდება უცხოური გრანტებით, ყალბი დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით ფინანსდებოდა დონორების მხრიდან. ასე რომ, პრობლემას ნუ ეძებენ ქართველ ხალხში, პრობლემა ეძებონ საკუთარ თავში, რატომ გაიფუჭეს ასე რეპუტაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.