ბრიუსელის მხრიდან არაღირსეული, არაევროპული და საბჭოთა ქცევაა, როცა უვიზო მიმოსვლის საკითხი უნდათ, გამოიყენონ იარაღად და შანტაჟად, რათა ქართველ ხალხს საკუთარი ნება და სუვერენიტეტი დაათმობინონ, თავად განსაზღვრონ, ვინ არის მისი ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის ევროკავშირის მხრიდან ღირებულებითი უკუსვლა, რაც დღეს უკვე ცხადად ჩანს.
„2024 წლის არჩევნებში აშკარა და უხეში ჩარევა იყო დიპლომატების, მათ შორის ევროკავშირის ელჩის არჩევნებში. ეს იყო ჩარევა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. რატომ იყვნენ ჩართულები? – იმიტომ, რომ
ხელისუფლება შეეცვალათ და ისინი დამარცხდნენ. ქართველმა ხალხმა, მილიონ 120 ათასმა ადამიანმა ისინი ამ არჩევნებში დაამარცხა, როგორც 4 ოქტომბერს. ევროკავშირში საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის ხასიათს ვინც აჩენს, ყველა ბრიუსელის მხრიდან თავდასხმის ობიექტი ხდება. ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს მისდევენ და პატრიოტული ძალები არიან, პირდაპირ სამიზნე ხდებიან ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, როგორც დღეს არიან უნგრეთი და სლოვაკეთი. კარგი მაგალითია, როგორ ცდილობს ბრიუსელი შანტაჟით და ფულის გამოყოფა-არგამოყოფით ნება შეაცვლევინოს უნგრელ და სლოვაკ ხალხებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









