პარლამენტის ბიურომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელები და შემადგენლობები დაამტკიცა, თუმცა მათ შორის არ არიან ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მეგობართა ჯგუფების წარმომადგენლები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბალტიის ქვეყნების მეგობართა ჯგუფები შეიქმნა, მაგრამ მათი ხელმძღვანელობა პარლამენტის არცერთმა წევრმა არ ისურვა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მეგობართა ჯგუფების შემადგენლობაში ყოფნის სურვილი საქართველოს პარლამენტის წევრებს არ აქვთ, განპირობებულია ამ სამი ქვეყნის პარლამენტების არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ.

„ჩვენ პარლამენტის დადგენილებით შევქმენით სამუშაო ჯგუფები. მათ შორის შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტთან, თუმცა ჯერჯერობით არავინ გამოხატა სურვილი, რომ იყოს შემადგენლობაში. ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის პარლამენტის არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტები დაუბრუნდებიან ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას და, რა თქმა უნდა, მოგვცემს ეს შესაძლებლობას შემდეგ პარლამენტის წევრებსაც, რომ დაკომპლექტდეს შესაბამისი მეგობრობის ჯგუფები. ჩვენი გადაწყვეტილება იყო, მათ შორის, რომ ეს მეგობრობის ჯგუფები შექმნილიყო, თუმცა არ არის დაკომპლექტებული, ვიდრე არამეგობრული პოლიტიკა ექნება ამ სამი ქვეყნის პარლამენტს ქართველი ხალხის მიმართ. მოვუწოდებთ ამ სამი ქვეყნის პარლამენტებს, დაუბრუნდნენ მეგობრობის ფორმატს და უარი თქვან არამეგობრულ ნაბიჯებზე ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.