არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ საპარლამენტო ასამბლეაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით, ვეუბნებოდით ყველას - ჩვენი დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომ იყვნენ ობიექტურები და სამართლიანები ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ და რომ არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს დარღვეული, კერძოდ ის, რომ არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ საპარლამენტო ასამბლეაზე, რომ პოლიტიკური ინტერესის მქონე ხალხმა და ჯგუფებმა და ვიცით, რომ ეს იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ ფარგლებში წამოყენებული ინიციატივა, რომლის შემუშავებაში ქართველი მოღალატე ოპოზიცია და უკრაინის დელეგაცია იყო ჩართული.

შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტია“ ის ხალხია, ვინც მიხეილ სააკაშვილის ცარიელ სკამს დგამდა თავი კონფერენციაზე და მწამებლის მხარდამჭერია. ეს ის უკრაინული დელეგაციაა გონჩარენკოს ხელმძღვანელობით, რომელსაც უნდოდა, რომ ჩვენ საზარბაზნე ხორცად გამოვეყენებინეთ, ჩავერთეთ ომში და მოგვიწოდებდნენ, რომ რამენაირად რუსეთის მზერა უკრაინიდან საქართველოში გადმოგვეტანა და აქ გვქონოდა გამართული ბრძოლა. ეს ის მოღალატე ოპოზიციაა, რომელიც ამ ყველაფერში იყო აყოლილი. ასე რომ, შეიკრა ანტიქართული კოალიცია ამ მხრივ”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.