რა არის ამაში დასამალი, თუკი რამე ნაბიჯების მოთხოვნა არის, რატომ არ ამბობენ საჯაროდ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა ნაბიჯების გადადგმას ითხოვს საქართველოსგან აშშ-ის საელჩო, რადგან შეხვედრებზე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართა, რამდენჯერმე იყო მკაფიო ხაზგასმა საქართველოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე და ეს ნაბიჯები ახსენეს ასევე ერთი კვირის წინაც, როდესაც გაავრცელეს განცხადება, რომ 22 მაისს სურდათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა და არის თუ არა ეს ნაბიჯები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რადგან ოპოზიცია პირდაპირ აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის ცნობილია ამ ნაბიჯების შესახებ და ერთ-ერთი მოთხოვნა არის სწორედ ახალი არჩევნები.
„მათ შორის, როდესაც თავადვე გაასაჯაროვეს, რომ სურდათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, თითქოს იმისთვის, რომ გადაეცათ რაღაც ნაბიჯებთან დაკავშირებით, კი მაგრამ თქვან, რას გვიმალავენ, თუკი ასეთი რამეა, მოისვენებს ყველა ხომ, ბოლოს და ბოლოს?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, იყო თუ არა ნაბიჯების დაკონკრეტება იგივე მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრისას, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ არანაირი დაკონკრეტება არ ყოფილა.
„არანაირი დაკონკრეტება არ ყოფილა. საქმეც ეს არის. რა გითხრათ, რა არის ეს რაღაც ბუნდოვანი გარემოს შექმნა, უთქმელად რაღაცის თქმის მცდელობები და რაღაცის თქმით რაღაცის ართქმის მცდელობები, პრეზიდენტის მილოცვის არგამოქვეყნება-გამოქვეყნება, რაღაც ლურჯი ბარათები, რომელსაც არჩევნების წინ ამერიკის საელჩოს გვერდზე ვხედავდით ხოლმე და ყველა ხელებს ვასავსავებდით, რა იყო ეს საერთოდ, ან შინაარსი, ან ფორმა? სამწუხაროდ, ასეთი გაუგებრობა არის გარკვეულწილად, თუმცა ჩვენი მთავარი სიძლიერე რაში არის და რა იყო მთელი ეს პერიოდი? ჩვენ ამაზე უარესი მდგომარეობები გამოვიარეთ, როდესაც ყველანაირად ცდილობდნენ, შევეთრიეთ გარკვეულ სპირალში რუსეთთან ესკალაციის. მე ამაზე მოყოლილი მაქვს. მათ შორის, აშშ-ის ყოფილი ელჩი, ბაიდენის მიერ წარმოგზავნილი, როგორ ითხოვდა არჩევას თეთრსა და შავს შორის და არჩევანი იყო, ან ახლა მიდიხართ ესკალაციაზე რუსეთთან, აწესებთ სანქციებს და ა.შ, ან ხართ ცუდ მხარეს თითქოს და ა.შ. ამიტომ, ბევრი რამე გვაქვს ჩვენ გამოვლილი და მთავარი, რამაც გამოგვატარა, ეს არის სიმართლე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ვმოქმედებთ ყოველთვის ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. საბოლოო ჯამში, ეს სიმართლე, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, თავის გზას პოულობს და ვხედავთ, რომ ეს არა ერთხელ მოხდა ყველასთან მიმართულებით. ვინც ჩვენ არასწორად მოგვექცა და გვაბრალებდა სხვადასხვა საკითხს, ყველა საბოლოო ჯამში დამარცხდა ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.