მგონი, ყველაზე სწორად და გასაგებად პოზიცია ჩამოაყალიბა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც ტოლობას სვამენ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, პატივს არ სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი ადამიანები არც ხელისუფლებისგან უნდა მოელოდნენ პატივისცემას.
„შესაბამისად, ვინც პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, ნურც ჩვენგან ელოდება პატივისცემას. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური პარტნიორები მფარველობდნენ მაშინ, როცა სასჯელმისჯილი იყო საქართველოში და მაშინაც, როცა თავისუფალი იყო, ევროპარლამენტარები ხვდებოდნენ, ხელს აფარებდნენ და ამის შედეგი იყო, რომ, საბოლოო ჯამში, სააკაშვილი ქვეყანაში გადატრიალების მოსაწყობად თუ თავისი ზრახვებით შემოიპარა.
სააკაშვილი წაახალისეს და ახლა საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ. ნაცვლად იმისა, რომ მის გათავისუფლებას და გადაყვანას მოგვიწოდებდნენ, მოსახლეობის წინაშე უფრო მორიდებული უნდა იყვნენ, რადგან, მათ შორის, მათი წახალისებულია მიხეილ სააკაშვილის გეგმები. სააკაშვილს დეპუტატის ცემისთვის სასჯელი ჰქონდა მისჯილი და მას ხვდებოდნენ სხვადასხვა დედაქალაქში, კაფეში თუ ოფისში, ესაუბრებოდნენ უკრაინის მოქალაქეს საქართველოსა და მის მომავალზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.