აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან, რას ნიშნავს რუსეთი, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესები.
"აქამდე, სამწუხაროდ, იყო მცდელობები ფარისევლური მზრუნველობის გამოჩენის, რაც სინამდვილეში გულისხმობდა სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევას. ერთია, როდესაც დიდი ქვეყნები არიან ამით დაკავებული, მაგრამ ესტონეთის ხელისუფლების დონემდე როდესაც დავიდა ეს ყველაფერი, რომ ბოლოს აღმოჩნდა, თურმე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს პრეტენზიები, ჩამოვიდეს და ქვეყანა თავის ჭკუაზე უნდა დაალაგოს, ეს ის ეტაპია, ზუსტად იმ ფსევდოლიბერალურ ღირებულებებთან სადაც მივიდა, საბოლო ჯამში, სამყაროს გარკვეული ნაწილი, რომ იმის იქით უკვე აბსურდი იყო.
რა თქმა უნდა, აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება. ასეთ აბსურდამდე რომ მივიდნენ, მაშინ უკვე საბოლოოდ გამოჩნდა, რომ შეუძლებელია ასეთი სახით საუბარი ქვეყნებს შორის ნორმალურ ურთიერთობაზე. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სუვერენიტეტს, რომელიც საქართველომ მოიპოვა საკუთარი ბრძოლით და სისხლით, ასე ადვილად არ დაუთმობს პოსტსაბჭოთა ლიდერებს. გუშინაც ვისმენდით ევროპარლამენტში, გორბაჩოვის თანამებრძოლი ადამიანები ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან, რას ნიშნავს რუსეთი, ეროვნული ინტერესები. ამას ქართველი ხალხი რომ არ მიიღებს და ირონიით უყურებს, მგონი, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.