2024 წელს ჩვენ არჩევანი გვექნება ქართული, ეროვნული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ გუნდს, „ქართულ ოცნებასა“ და ანტიქართულ კოალიციას შორის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, უკვე დიდი ხანია, ცხადია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არანაირი მრავალფეროვნება არ არსებობს და პარლამენტი ამის ყველაზე კარგი დასტურია.
„სინამდვილეში, ოპოზიციის მხარეს არის ერთი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ, რომელიც ცდილობს, ხანდახან აჩვენოს, თითქოს არიან ცალკე სტრუქტურები. სინამდვილეში, იდეოლოგიურად ისინი არიან ერთნი, ვინაიდან ზუსტად ერთი და იგივე პოლიტიკა აქვთ. ამასწინათ „ლელომ“, რომელსაც ახლა უნდა, თავი მოგვყიდოს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არააფილირებულ ორგანიზაციას, შემოიტანა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ეხებოდა სანქციების დაწესებას, პირდაპირ ანტიქართული რეზოლუციის პროექტი, რომლის მთავარი მიზანი არის საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი და საქართველოს დაყენება ომის რიკის წინაშე. ასეთი რეზოლუცია შემოიტანა „ლელომ“. რაც არ უნდა ადასტურონ, ეს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაა, ანტიქართული პოლიტიკა, ნაკარნახევი სხვების ინტერესებით და არა ქართველი ხალხის ინტერესებით, ეს ხომ მაინც ჩანს საბოლოო ჯამში. „ლელო“, მათ შორის, 2020 წლის არჩევნების წინაც გახსოვთ, ცდილობდა პოზიციონირებას, თითქოს არ იყო აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როგორც კი არჩევნები ჩატარდა 2020-ში, „ლელო“ იყო მთავარი, ვინც ალიანსში იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბოიკოტის საკითხებზე. მთავარი ჩამშლელი მოლაპარაკებებში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო „ლელო“. „ლელოს“ ხელით შლიდა ბევრ პროცესს. მთავარი სიყალბის გამავრცელებელი იყო „ლელო“. ჩვეულებრივი ერთი ორგანიზმია, ანტიქართული კოალიცია. ეს იქნება არჩევანი 2024 წელს „ქართულ ოცნებასა“ და ანტიქართულ კოალიციას შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე კითხვა დაუსვეს ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების წინ შეიძლება, გადადგეს და პარტია ჩამოაყალიბოს. კითხვაზე, როგორია მმართველი გუნდის პოზიცია და მოლოდინები, რა გეგმაზეა საუბარი და ვისთან ერთად იქნება ზურაბიშვილი, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეა და თავისუფალია, იმოქმედოს, როგორც მას სურს, მათ შორის, იყოს პოლიტიკურად აქტიური.
„უბრალოდ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სინამდვილეში, ის ერთ რამეს კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ თანამდებობა, რომელიც მას უკავია, ავალდებულებს პოლიტიკურ ნეიტრალობას. ამის ნაცვლად, ის არის ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგის ნაწილი. კიდევ ერთხელ – რასაც ახლა ვაკვირდებით, არის ის, რომ იქმნება ანტიქართული კოალიცია და ჩანს, რომ ოპოზიციიდან ბევრს სურს, ამ ანტიქართულ კოალიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ იყოს, ვინაიდან იქ ხედავს ფინანსურ რესურსებს, მედიარესურსებს. დიდი ლუსტრაციის პროცესი მიდის საქართველოს პოლიტიკაში, ჩვენს თვალწინ იკვრება ანტიქართული კოალიცია. ამიტომ 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება არჩევანი, რომ პირდაპირ თანამედროვე ისტორიის შადიმანებს დაარქვას თავისი სახელი, მიუჩინოს თავისი ადგილი ისტორიაში; კიდევ ერთხელ მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, ორგანიზაციას და პარტიას, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებს და კიდევ ერთხელ ამხილოს ის პოლიტიკური თუ სხვა სახის ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ სხვისი კარნახით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.