2013-2015 წლებში სხვანაირი ძალა ჰქონდათ უცხოურ ჯგუფებს, მაშინ რომ გამოვიდოდა კუბილიუსის მსგავსი ევროპარლამენტარი, ნახევარი საქართველო დეპრესიაში ვარდებოდა, დღეს ყველაფერს ეხდება ფარდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ყველა კარგად ახარისხებს, რა სქემები მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ.

„ძალა, რომელიც მფარველობს მიხეილ სააკაშვილს, ცდილობს, ყველანაირად დაიხსნას და, რა თქმა უნდა, 2013-2014-2015 წლებში სულ სხვა შესაძლებლობები ჰქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და სხვანაირი ძალა ჰქონდათ მაშინ იმ უცხოურ ჯგუფებსაც. მაშინ რომ გამოვიდოდა კუბილიუსის მსგავსი რომელიღაც ერთი ევროპარლამენტარი, ნახევარი საქართველო დეპრესიაში ვარდებოდა, როგორ მოვისმინეთ კრიტიკული სიტყვა უცხოეთიდანო, დღეს კი ყველა ძალიან კარგად ახარისხებს, ვინ რომელ კლასტერშია, ვინ რომელ ფარულ ჯგუფებშია და რა სქემები მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერს ეხდება ფარდა; მათ შორის, ამერიკული FARA ამაში ძალიან კარგად გვეხმარება და ცენტებით, დოლარებით ვიცით, ვინ რამდენ ფულს იღებს საქართველოს წინააღმდეგ ამ კამპანიისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.