მოგესალმებით ძვირფასო ბათუმელებო, აჭარლებო, უძველესი ქართული მიწა-წყლის ღირსეულო შვილებო. რამდენიმე დღეში გაიმართება არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს, გავაგრძელებთ თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი და ერთიანი საქართველოს შენების გზას, თუ კიდევ ერთხელ შეგვაბრუნებენ ომების, ნგრევის და უიმედობის დაუსრულებელ წრეზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბათუმში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ბათუმი, აჭარა არის ცხადი მაგალითი იმისა, რას ნიშნავს პირველი გზა, რას ნიშნავს საქართველოს ამოუწურავი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებისკენ სწრაფვა, რას ნიშნავს კავშირი მშვიდობასა და კეთილდღეობას შორის.
„როცა ქვეყანაში მშვიდობაა, ამას ყველა ბუნებრივ მოცემულობად, მის შენარჩუნებას კი იოლ საქმედ მიიჩნევს; მაგრამ როცა მშვიდობას კარგავ, მხოლოდ მაშინ ხვდები, რამდენად ფასდაუდებელი, ძნელად მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელია. ბედის უკუღმართობით, ეს გრძნობა ქართველებს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთხელ დაგვეუფლა.
თითოეულ ჩვენგანს გონებაში გვაქვს ჩაბეჭდილი ის წამი, როცა გავიგეთ რომ ცხინვალში, თბილისში, სოხუმში, შემდეგ ისევ ცხინვალში, კოდორში ტყვია გავარდა. ყველას გვახსოვს ის დამთრგუნველი შეგრძნება, როდესაც გავიფიქრეთ, რომ ომი დაიწყო. ყველას გვახსოვს როგორ ერთ წამში ფერმკრთალდებოდა ერთი ჩვეულებრივი ლაღი დღე და ვხვდებოდით, რომ შავ-თეთრი რეალობა დგებოდა. კიდევ ერთხელ ძაძებში იმოსებოდნენ დედები; კიდევ მეტად პატარავდებოდა მიწა-წყალი სადაც სალოცავად მისვლა შეგვეძლო; კიდევ ერთხელ ნანგრევებიდან აღსადგენი ხდებოდა ქვეყანა ფიზიკურადაც და ეკონომიკურადაც.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული მუდმივი ომები და ნგრევა თითქოს ჩვენს ბედისწერად იქცა, რომელიც უცაბედად თავზე გვეცემოდა ქართველებს; და თითქოს ერთადერთი რაც შეგვეძლო, ამ ბედისწერასთან შეგუება იყო.
თუმცა ბოლო 12-მა წელმა გვაჩვენა, რომ საქმე არა ბედისწერაშია, არამედ იმაში, ვინ მართავს შენს ბედს. დავინახეთ, რომ როცა ხელისუფლება ქართველი ხალხის და არა სხვათა ინტერესებს მიჰყვება, მაშინ საკუთარ ბედზე ძალაუფლებაც ქართველი ხალხის და არა სხვათა ხელშია. სწორედ ამიტომ არის 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა არა უბრალოდ დამთხვევა ან ბედის წყალობა, არამედ შედეგი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი ბედის მართვა ჩვენს ხელში ავიღეთ.
წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმ ლოგიკით რომ მოვქცეულიყავით, რომლითაც მოქმედებდა წინა ხელისუფლება და რომლისკენაც მოგვიწოდებს დღევანდელი ოპოზიცია. რის წინაშე აღმოვჩნდებოდით, ჩვენი ოპონენტების ფეხის ხმას რომ ავყოლოდით, რუსეთისთვის ორმხრივი ეკონომიკური სანქციები და ემბარგო დაგვეწესებინა, საზღვრები დაგვეხურა, საჰაერო და სახმელეთო გადაადგილება ჩაგვეკეტა.
ამ დღეებში, ეს მოთხოვნა ახლა უკვე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაისმა, როგორც ულტიმატუმი, როგორც შანტაჟი, როგორც მუქარა. თუ ადრე უარყოფდნენ და ჩვენს ფანტაზიას აბრალებდნენ, რომ თითქოს ვინმე ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა, ამ რეზოლუციამ საჯარო გახადა ის წნეხი, რომლის ქვეშაც ჩვენი ხელისუფლება მთელი ეს პერიოდი იყო.
და რა იქნებოდა ეს თუ არა ეკონომიკურ ომში შესვლა და ეკონომიკის ჩამოქცევა, როგორც ეს 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა. უამრავი ოჯახი დარჩებოდა შემოსავლის გარეშე, დრამატულად შემცირდებოდა სახელმწიფოს უნარი, დაეფინანსებინა განათლება, ჯანდაცვა, პენსიები, დროულად გაეცა ხელფასები და შემწეობები.
სწორედ ეს დგას 26 ოქტომბერს სასწორზე: შეძლებს თუ არა გარედან მართული ოპოზიცია ქართველ ხალხს მისი ბედის განკარგვის ძალაუფლება ხელიდან გამოგლიჯოს და სხვათა ინტერესების სამსახურში ჩააყენოს? გაჩუმდეს, როცა მას გაჩუმებას მოსთხოვენ და იყვიროს, როცა ააყვირებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.