საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლარსის გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ მყისიერად გამართა შეხვედრა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ოლექსანდრ შულჰასთან. ქართულმა მხარემ შესთავაზა უკრაინის დიპლომატიურ მისიას დახმარება მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით. უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მიწოდებული ინფორმაციისა და თანადგომისთვის.
მისი განცხადებით, საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, იგი ამ ფაქტის შესახებ აცნობებს დედაქალაქს და დაელოდება მათ მითითებებს. შეხვედრაზე ოლექსანდრ შულჰამ კმაყოფილება გამოთქვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის გამო და ასევე აღნიშნა უკრაინის მოქალაქეების მიგრაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის პრაქტიკა. შეხვედრის დასასრულს, მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქართულ მხარეს გულისხმიერებისთვის და აღნიშნა, რომ საკითხის შესახებ დაელოდება კიევიდან შესაბამის მითითებებს." - ნათქვამია საგარეო უწყების გავრცელებულ განცხადებაში.