საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ ემიგრანტებს მიმართავს და მოუწოდებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგმაც უნდა გადაწყვიტოს, "საქართველო იქნება ის დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს რუსეთის გავლენის ქვეშ".

"მოგმართვთ თქვენ, დიასპორის წევრებო, ჩემო თანამემამულეებო, - მინდა გითხრათ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს მომავალი. თქვენს ხელში, ჩვენს ხელში, ჩემ ხელში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, საქართველო იქნება ის დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს რუსეთის გავლენის ქვეშ, სადაც  თქვენ და თქვენი შვილები, ალბათ, არც ჩამოხვალთ, არც დაბრუნდებით და არც გექნებათ სურვილი, რომ დაბრუნდეთ. ეს არჩევნები არის გადამწყვეტი და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მე ვიცი, რამდენად გართულდა მონაწილეობის მიღება, უბნები, სამწუხაროდ, არ გაგვიხსნეს. ამის მიუხეადავად, ვიცი, მზად ხართ, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ. როგორც გუშინ გამოხვედით და გულშემატკივრები იყავით ჩვენი ფეხბურთელების, გადალახეთ საზღვრები იმისთვის, რომ გამოგეჩინათ ქართული დროშა, ასევე ვიცი, რომ თქვენ 26 ოქტომბერს წახვალთ სადაც არ უნდა იყოს... ერთმანეთს გამოუჩენთ სოლიდარობას და ყველანი ერთად დავდგებით იქ, სადაც დგას საქართველოს მომავალი" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.