რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერ მინისტრის წარმომადგენელ, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის წარმომადგენელ გრიგორი კარასინის საუბრის ჩანაწერზე ბრიფინგი გამართა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ. "დროა", "გირჩი მეტი თავისუფელბა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ის რაც მათ ზურგს უკან ხდება 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე გააპროტესტონ.

"სხვას არც უნდა ველოდოთ ქართული ოცნების მხრიდან, მთავარი კითხვა არის რას ვშვრებით ჩვენ? ვეგუებით თუ არა ამ პრორუსული, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატსა და მიტაცებას. რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში ეს პასუხი არის არა და 24 თებერვალი, განმსაზღვრელი საერთოდ ევროპის, დასავლეთის, ცივილიზებული სამყაროსი,  არის ის დღე, როცა ეს არა, ჩვენ ყველამ ერთად, ქართულმა საზოგადოებამ უნდა ვუთხრათ რუსეთს, უკრაინას და მთელ მსოფლიოს", - თქვა ელენე ხოშტარიამ

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ჩანაწერი მიუთითებს, რომ "ქართულ ოცნებას" ძალიან შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვს რუსეთთან. მისი თქმით, დასავლეთმა უკვე განასხვავა ქართველი ხალხი და "ქართული ოცნება":

"სწორედ ამიტომ, 24 თებერვალს უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მეტი, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ის, რაც ხდება ქართველი ხალხის ზურგს უკან, არ არის ნება, რომელსაც გამოხატავს ქართველი ხალხი, ის, რაც ხდება ჩვენ ზურგს უკან, ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულს ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ შევეგუებით". 

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ შევეჩვიეთ თითქოს ნორმალური ამბავია, როცა ჩვენ ზურგს უკან ივანიშვილი თანხმდება ამ ქვეყნის ნომერ პირველ მტერთან, და არავინ იცის რაზე.

"დავანახოთ, პირველ რიგში, უკრაინელებს, რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც ამ ფონზე, როცა უკრაინაში რუსეთი ხოცავს ბავშვებს ჩვენ რუსეთს ასეთ ტონალობაში, რაღაც მეგობრულად და ჯიგრულად ველაპარაკებით. ეს არის გასაკეთებელი 24-ში, უნდა დავანახოთ პირველ რიგში უკრაინელებს, შემდეგ დანარჩენ მსოფლიოს და საკუთარ თავსაც დავუმტკიცოთ, რომ ეს არ არის ის მდგომარეობა, რომელიც არის ბუნებრივი, ნორმალური, ამ ქვეყნისთვის, ხალხისთვის ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ასე არ გვზრდიდნენ ჩვენ", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ

ცნობისთვის, აქცია 24 თებერვალს, საღამოს 7 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.