ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის კენჭისყრამდე, საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი იქნება.

"ეს რეზოლუცია საუბრობს იმაზე, რომ ყველანაირი ფინანსური დახმარება, რომელიც მიემართებოდა ინფრასტრუქტურის თუ სხვა პროექტებზე, უნდა გაუქმდეს, მათ შორის, ეს რეზოლუცია ადგენს პირთა ძალიან ფართო წრეს, ვინც სანქცირებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ. მე ვფიქრობ, რომ ამ რეზოლუციის საფუძველზე დაიწყება ახალი პოლიტიკის შემუშავება ევროკავშირის მხრიდან," - აცხადებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, სალომე სამადაშვილი.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიციამ აღნიშნული რეზოლუციისთვის ევროპარლამენტარებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა სასანქციო პირებთან დაკავშირებით.

"ჯერ კიდევ მრავალი კვირის წინ დავიწყეთ მუშაობა პოლიტიკურ ჯგუფებთან აღნიშნულ რეზოლუციაზე იმ თვალსაზრისით, რომ მიგვეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია, მათ შორის, მოძალადეებზე, შესაძლო სასანქციო პირებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეზოლუცია ასახავს საზოგადოების იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს აერთიანებს ქართველ ხალხს," - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი ხვალ საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს უყრის. დოკუმენტის საბოლოო ვერსია ჯერ შეჯერებული არ არის, თუმცა წარდგენილია არაერთი პროექტი, სხვადასხვა ჯგუფის ავტორობით. ერთობლივი ტექსტი, სავარაუდოდ, ხვალ შეთანხმდება, წინასწარ კი ცნობილია, რომ შინაარსი კრიტიკულია. სამუშაო ვერსიებში საუბარია სანქციებზე, არჩევნებსა და დაკავებულთა გათავისუფლებაზე.