საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლა ფაშინიანის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს.
"საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ" - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკში".
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა გაიმართა.