მიმდინარე პროცესი არ არის რევოლუციური მოძრაობა თავისი არსით, რადგან არ არის მოთხოვნა, რომ ვინმე უნდა გადააგდონ, ან რომელიმე ძალა. ეს ეხება არჩევნებთან დაბრუნებას თავისუფალ და სამართლიან გარემოში. მოდით, ვნახოთ, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება დღეს, რომლის ჩვენებას დღეს ქუჩებში ცდილობენ, მაგრამ მოდი, ვნახოთ დემოკრატიული გზით არჩევნებზე. არ არის ორი მხარე საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოში არ არის ორი მხარე, თუმცა არის მცდელობა იმაში დარწმუნების, რომ შესაძლოა, საქმე მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ.
„მადლობა, რომ საქართველოსთვის ასეთ გადამწყვეტ დროს მომეცით უფლება, აქ ვყოფილიყავი და მესაუბრა იმის შესახებ, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. მინდა, ასევე მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტის დელეგაციას, რომლის წევრებიც რამდენიმე დღის წინ იყვნენ საქართველოში. მათი საქართველოში ყოფნა ამ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ეს გადამწყვეტი დროა, რადგან ზოგიერთ მომენტში ჩვენ ვგრძნობთ თავს 1921 წელიწადში. ეს სცენები მეორდება და სავარაუდოდ სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და შემართება, რომლითაც რეაგირებს დღეს ქართველი ხალხი, რასაც ისინი აღიქვამენ თავისუფლების, მომავლის და რაღაც კუთხით დამოუკიდებლობის უფლების ჩამორთმევად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მომიტინგეები 21 დღეა, რაც ქუჩაში არიან და ეს არის ძალიან საინტერესო მოძრაობა.
„ხალხი 21 დღეა, ქუჩაშია. ეს ძალიან საინტერესო მოძრაობაა, რომელიც ჯერ ღამით დაიწყო და შემდეგ დღის განმავლობაშიც გაგრძელდა. ამ მოძრაობაში მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტი მონაწილეობდა და ახლა ის პრაქტიკულად მოიცავს მთელ საზოგადოებას. სიმართლე რომ ითქვას, ეს მხოლოდ ამ 21 დღეს არ მოიცავს, ეს პროტესტი დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პროტესტი იყო წელს გაზაფხულზეც, როცა რუსული კანონი ხელახლა წარადგინეს. ეს პროტესტი იყო შარშან გაზაფხულზეც, როდესაც რუსული კანონი პირველად წარადგინეს. ეს პროტესტი იყო სპეციფიკური და დამახასიათებელი საქართველოსთვის ყოველთვის, როდესაც ქართველი ხალხი გრძნობდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა მათ თავისუფლებას, ევროპელობას და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.