კარასინი-აბაშიძის აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, პარტია ლელო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის პარლამენტში დაბარებას ითხოვს.
როგორც "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, აბაშიძემ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას სრული ინფორმაცია, რა პროექტებზე საუბრობდნენ ის და კარასინი.
"ჩვენი მოთხოვნაა, დაიბარონ აბაშიძე სასწრაფოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე პარლამენტში და მან მიაწოდოს საზოგადოებას სრული ინფორმაცია, რა ახალ პროექტებზეა საუბარი, რა ახალი პროექტების განხორციელებას სთხოვს მას რუსეთის ხელისუფლება მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლების ყველა დავალება, რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების ჩაშლას, ყველა ეს დავალება, ცხადია, სრულდება ზედმიწევნით დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან და უნდა ვიგულისხმოთ, რომ სხვა დავალებებიც, მათ შორის სატრანსპორტო დერეფნის გაფართოებაც უახლოეს მომავალში დაიწყება. ამიტომ ვითხოვთ აბაშიძის დაბარებას საქართველოს პარლამენტში საგარეო კომიტეტის სხდომაზე უახლოეს დღეებში"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პ.ს გავრცელდა არაავთენტური ჩანაწერი, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "აიპრესი" როგორც სხვა ყველა მსგავს არაავთენტურ ჩანაწერს, არ ავრცელებს.
შეგახსენებთ: გუშინ გავრცელებული კარასინი - აბაშიძის საუბრის ჩანაწერიდან ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს აცნობს იდეას, გაზრდილი ტვირთ ბრუნვის გამო განიხილონ არსებული გზების მოდერნიზაცია ან ახალი გზის მშენებლობა რუსეთ-საქართველოს შორის. აბაშიძე კარასინს უხსნის, რომ ახლა ახალ გზაზე საუბარი დროული არ იქნება.