მაინტერესებს თქვენ, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ქვეყნის, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, არ გრცხვენიათ და არ გერიდებათ, რომ თქვენს შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად ბიზნესი აქვს და რუსულ აბანოებს აშენებს ჩვენს ქვეყანაში? უკეთესი ბიზნესი თქვენმა შვილმა ვერ იშოვა? - ასე მიმართა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა თავდაცვის მინისტრს, რომელიც პარლამენტში "მინისტრის საათის ფორმატში" მოხსენებით გამოვიდა.
„დღეს ვეტერანების დღეა და თავდაპირველად, მინდა, მათ ბრძოლისთვის და წვლილისთვის, რაც ამ ქვეყნისთვის გაწიეს, მადლობა გადავუხადო. სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება მათ არ აფასებს და ჩემი აზრით, სამარცხვინოა ის საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რაც ვეტერანებს შესთავაზეთ. ეს მხოლოდ 100 ლარს შეადგენს. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, რომ ეს არ იყოს, როგორც ყველაზე ცოტა, მინიმუმ საყოფაცხოვრებო მინიმუმის ტოლფასი 250 ლარი და საერთოდ მიგვაჩნია, რომ 500 ლარი მაინც უნდა იყოს. თუ შეიძლება მეტი რომ გვითხრათ, რას აპირებთ ვეტერანებისთვის გარდა იმისა, რომ მიხვიდეთ, როდესაც მათი დღეა და მიულოცოთ. თუმცა შემაშფოთებელი ის არის, რომ თქვენი მინისტრობის პირობებში არც შეიარაღება გვეზრდება და არც სოციალური პირობები უუმჯობესდება არავის. მაგრამ თქვენი, პირადად და თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ხართ, ძალიან გაუმჯობესდა. მე მაინტერესებს, თქვენ, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ქვეყნის, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, არ გრცხვენიათ და არ გერიდებათ, რომ თქვენს შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად ბიზნესი აქვს და რუსულ აბანოებს აშენებს ჩვენს ქვეყანაში? უკეთესი ბიზნესი თქვენმა შვილმა ვერ იშოვა? მაინტერესებს ასევე რომ განგვიმარტოთ, ღარიბაშვილის მამა განსაკუთრებული ნიჭით რომ არის დაჯილდოებული გავიგეთ, მაგრამ დედათქვენიც ყოფილა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, კომერციას ვგულისხმობ. იმიტომ, რომ მოახერხა და კიკეთში უზარმაზარი მიწა, კვადრატული მეტრი 95 ლარად მიითვისეთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.