ერთი რამ არის ნათელი, ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს დეოლიგარქიზაციას, ამ დროს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არა მხოლოდ არაფორმალურად აპირებს, რომ მართოს ეს ქვეყანა, არამედ მან უკვე ფორმალური მმართველის როლი გაიფორმა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„მე არ მიმაჩნია, რომ ახლა საინტერესოა სპეკულაცია, როდის ჩათვლის საჭიროდ ივანიშვილის დასანქცირებას დასავლეთი. დეოლიგარქიზაცია არის ევროკავშირის მოთხოვნა, ოლიგარქი საქართველოში არის ერთადერთი. მნიშვნელობა არ აქვს ის რას დაირქმევს საკუთარ შექმნილ ოლიგარქიულ პარტიაში, რა პოსტს დაიკავებს და როგორ გააფორმებს საკუთარ როლს. ერთი რამ არის ნათელი, ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს დეოლიგარქიზაციას, ამ დროს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არა მხოლოდ არაფორმალურად აპირებს, რომ მართოს ეს ქვეყანა, არამედ მან უკვე ფორმალური მმართველის როლი გაიფორმა. ფაქტობრივად კობახიძე არავინ აღარ არის, კობახიძეს უბრალოდ ჰქვია, რომ ის არის პარტიის თავმჯდომარე. ეს უბრალოდ აბსურდია.
წარმოიდგინეთ, ეს პარტია როგორ აბსურდულ მდგომარეობამდეა მისული. აქ საუბარი აღარ არის იმაზე, რომ პარტიაში არანაირი დემოკრატიული ელემენტები არ არსებობს, მე მგონი კომუნისტურ პარტიაშიც კი რაღაც შეიძლება შიგნით უფრო მეტი პოლიტიკური პროცესები იყოს, რომელსაც რაღაც ასე ვთქვათ, შეჯიბრის პრინციპი ჰქონდა. მოგვევლინა პარტია, რომელმაც ყოველგვარი არჩევნების გარეშე პოლიტსაბჭოში წინასწარ სია დაამტკიცა, უფრო სწორად მე პოლიტბიუროს ვუწოდებდი, იმიტომ, რომ კომუნისტური პარტიის ანალოგია. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პარტია კი არ ირჩევს, არამედ ბიძინა ივანიშვილი ნიშნავს. როდესაც შენ ევროკავშირი დეოლიგარქიზაციას, დემოკრატიულ რეფორმებს და ასევე, პოლიტიკურ სისტემაში მეტ დემოკრატიული ელემენტების შემოტანას გთხოვს, შენ კი ამყარებ ოლიგარქიულ რეჟიმს, მათ შორის მმართველ პარტიაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.