პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების შემცირებას ეხება.

ცვლილებების მიხედვით, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება შემდეგი სახით: 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ის გადაჭარბებისთვის − 50 ლარი; 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ის გადაჭარბებისთვის − 100 ლარი; 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის − 300 ლარი.

ამასთან, ახლებურად განისაზღვრება პასუხისმგებლობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის. კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარის.

პროექტით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენა − 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს ნაცვლად 5 000 ლარის, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარის. განმეორებით ჩადენა − დაჯარიმდება 1 000 ლარით.