რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსებს, თავი შეიკავონ აფხაზეთში გამგზავრებისგან
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსებს მოუწოდა თავი შეიკავონ აფხაზეთში გამგზავრებისგან, მათ შორის ტურიზმისგან. მისი კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„რუსეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს ჩვენს მეზობელ მეგობრულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს, სადაც კვლავ გამძაფრდა შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობები. ოპოზიციურმა ძალებმა, სამწუხაროდ, შესაძლებლად არ მიიჩნიეს ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან უთანხმოების მოგვარება ცივილიზებული, ურთიერთპატივისცემის მქონე დიალოგის გზით და გასცდნენ სამართლებრივ ჩარჩოებს, რამაც გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია. შედეგად, რესპუბლიკაში შეიქმნა კრიზისული ვითარება და ეს, განურჩევლად მისი შედეგისა, აფერხებს აფხაზეთის განვითარებას. კერძოდ, აშკარაა, რომ დღევანდელი სცენარები სულაც არ არის ხელსაყრელი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენისთვის.
რუსული მხარე აფხაზეთის შიდა პროცესებში ჩარევის გარეშე მოელის, რომ შექმნილი ვითარება მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გზით გადაწყდება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მკაცრად უნდა იყოს დაცული აფხაზეთის კანონები, მათ შორის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით.
შექმნილ პირობებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მოგზაურობისგან, მათ შორის ტურისტული მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. იმ რუსებმა, რომლებიც დროებით ამ მდგომარეობაში არიან, უნდა გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე, არ მიუახლოვდნენ არეულობის ადგილებს და, თუ ეს შესაძლებელია, დატოვონ იქაურობა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.