საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა იყიდოს 6,7 მილიონი ლარის ღირებულების 60 ერთეული მსუბუქი ავტომობილი დეპუტატებისათვის. საქართველოს პარლამენტი ალბათ არის მსოფლიოში ერთადერთი, როცა მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ყოველ მეორე წევრს ემსახურება პერსონალური ავტომობილი. - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა იყიდოს 6,7 მილიონი ლარის ღირებულების 60 ერთეული მსუბუქი ავტომობილი დეპუტატებისათვის. საქართველოს პარლამენტი ალბათ არის მსოფლიოში ერთადერთი, როცა მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ყოველ მეორე წევრს ემსახურება პერსონალური ავტომობილი.
“ქართულ ოცნების” წევრების რაოდენობა პარლამენტში შეადგენს 84-ს, მათ ემსახურება 44 პერსონალური მანქანა. პარლამენტის ერთადერთ ოპოზიციურ ფრაქციას, “ნაციონალურ მოძრაობას” ემსახურება 2 ავტომობილი. გარდა ამისა, “ქართული ოცნების” სატელიტი “ევროპული სოციალისტების” წარმომადგენელს, როგორც ვიცე-სპიკერს, ასევე ემსახურება სახელმწიფო მანქანა.
ავტომობილები ცვდება და მათი გამოცვლა რომ საჭიროა ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ის, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება ყოველგვარ ზნეობრივ თუ ფინანსურ ლოგიკასაა მოკლებული. ეს ხდება მაშინ, როდესაც ნოემბრის თვიდან პარლამენტის რიგითი წევრის ხელფასი ორმაგდება და იგი 8 ათასი ლარი ხდება, ხოლო თანამდებობების მქონე დეპუტატების ხელფასი კიდევ უფრო მეტად იზრდება, რაც ზოგ შემთხვევაში 10 ათას ლარსაც კი აჭარბებს.
პერსონალური მანქანების საბჭოთა გადმონაშთი უნდა მოისპოს. ასეა ყველა სამინისტროში და სახელმწიფო დაწესებულებაში. ეს მით უფრო მიუღებელია ისეთი ქვეყნისათვის, რომლის მოსახლეობის მეოთხედი სიღატაკის გამო ან სახელმწიფო სოციალურ დახმარებას იღებს ან მისი მიღების რიგში დგას", - წერს რომან გოცირიძე.