ბოლოს და ბოლის ჩამოყალიბდით, ბოიკოტში გინდათ ვიყოთ თუ პარლამენტში. მუდამ ბოიკოტისკენ რომ მოგვიწოდებთ იმათ ვეკითხები, ერთი მაგალითი დამისახელეთ, ამ უაზრო ბოიკოტებს რომ შედეგი გამოეღოს, - "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე ოპოზიციის იმ ნაწილს მიმართავს, რომლებმაც გამჭვირვა,ობის კანონის მესამედ მოსმენის შემდეგ პარლამენტში მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს.
“ქართულმა ოცნებამ” ფარულად დაუმატა მუხლი აგენტების რუსულ კანონს, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს გამოითხოვოს პირის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის მისი “სქესობრივი ცხოვრების შესახებ”. დიახ, ეს ასეა, არ მოგესმათ. ამან ოპოზიციის მიმართ კრიტიკა გამოიწვია, რატომ აქამდე არ შეამჩნიეთო.
ბოლოს და ბოლის ჩამოყალიბდით, ბოიკოტში გინდათ ვიყოთ თუ პარლამენტში. მუდამ ბოიკოტისკენ რომ მოგვიწოდებთ იმათ ვეკითხები, ერთი მაგალითი დამისახელეთ, ამ უაზრო ბოიკოტებს რომ შედეგი გამოეღოს.
მომავალ კვირას იხილება ძალიან სახიფათო კანონპროექტი დაგროვებითი პენსიის შესახებ, რომელიც ჩვენს დანაზოგებს რისკის ქვეშ დააყენებს, ასევე გამოდის პრეზიდენტის ვეტო ოფშორების კანონზე, მერე იქნება პრეზიდენტის ვეტო აგენტების რუსულ კანონზე და ა. შ. რა ვქნათ, ვიბოიკოტოთ?
რამდენჯერაც ოპოზიცია ბოიკოტში იყო, იმდენჯერ უამრავი მავნე კანონი მიიღეს, ისე, რომ ბევრმა ვერც კი გაიგო. მაგალითად, 3,5 მილიარდი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერეს რამდენჯერმე ათეულ ათასობით იურიდიულ პირს ბოლო წლებში, ძირითადად მკვდარ ფირმებს, მაგრამ საკუთარი მოქმედი ფირმებიც გააპარეს. რამდენი წელია ვცდილობ და ერთ პირზეც კი ვერ მოვახერხე ინფორმაციის მოპოვება ფინანსთა სამინისტროდან.
ახლა ისევ ბოიკოტი აუტყდათ მის მუდმივ მოყვარულებს და ჩვენც იძულებული ვართ ოპოზიციური “სოლიდარობის” ნიშნად ავყვეთ მათ.
ერთი რამ კი მამშვიდებს-ადრე თუ გვიან ეს ბოიკოტები მთავრდება, ოღონდ ცუდი ისაა, რომ დრო იკარგება და ბევრი რამის გაფუჭებასაც ასწრებს ხოლმე კომფორტში მყოფი საპარლამენტო უმრავლესობა.
გასაგებია, რომ არაა ადვილი ამ მოღალატეებთან ერთად ერთ სივრცეში ჯდომა, ისიც გასაგებია, რომ მუდამ არსებობს ფიზიკური თავდასხმების საფრთხე, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა ავიტანოთ. არჩევნებამდე ხუთი თვეა დარჩენილი და ჩვენი ვალია ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ. როგორც თანამედროვე ქართული პოლიტიკური ანდაზა ამბობს, “ყველა ბოიკოტი პარლამენტში დაბრუნებით მთავრდებაო”.
ხალხური არ გეგონოთ, ჩემი მოგონილია ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნაციონალურ მოძრაობაში ვიყავი და კარგად შევისწავლე უპერსპექტივო ბოიკოტების ბუნება".
შეგახსენებთ: პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის დამტკიცებას შემდეგ პარლამენტის მუშაობას პოლიტიკური ბოიკოტი რიგრიგობით გამოუცხადეს: "ლელომ", ნაციონალურმა მოძრაობამ, "სტრატეგია აღმაშენებელმა".