„ანაკლიამ დაკარგა მისი მთავარი მნიშვნელობა, რომ ყოფილიყო რეგიონში დასავლური ეკონომიკური და თუნდაც სამხედრო ფორპოსტი“,-ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით უსმენენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლების მავნებლურმა ქმედებებმა ბოლო პერიოდში, ანტიუკრაინულმა, ანტიდასავლურმა განცხადებებმა, ფრენების აღდგენამ და ყველა იმ პროცესმა, თუნდაც აგენტების კანონმა, ქუჩის დიდმა საპროტესტო აქციამ, ჩინეთთან ე.წ. სტრატეგიული ურთიერთობის გაფორმებამ, საბოლოოდ დაარწმუნა ჩვენი დასავლელი ინვესტორები, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის დაჭერა არ ღირს.
ფაქტობრივად, ცივილიზებულმა ევროპამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა, ზურგი აქცია ანაკლიის პროექტს. ანაკლიის პროექტი ჩინეთს ჩაუგდეთ ხელში. ფაქტია, რომ ანაკლიამ დაკარგა მისი მთავარი მნიშვნელობა, რომ ყოფილიყო რეგიონში დასავლური ეკონომიკური და თუნდაც სამხედრო ფორპოსტი. ანაკლია გადააქციეთ მხოლოდ ჩინური ტვირთის გამტარად და მას დაუკარგეთ დიდი გეოპოლიტიკური კონტექსტი“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.