ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრის განცხადებას, “ქართული ოცნებისთვის“ ფასი არ აქვს - ასეთია სახელისუფლებო პარტიის პასუხი იმ დოკუმენტზე, რომელიც გუშინ საღამოს გამოქვეყნდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ტექსტი სავსეა ცრუ ინფორმაციით და მას ხელს ასამბლეის 612 წევრიდან, მხოლოდ 24 აწერს.
“პეისის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში წერია, რომ “საქართველოდან საგანგაშო ცნობები მოდის, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის“ - ამ ტექსტის ავტორი ერიკ კროსია, პოლიტიკოსი, რომელიც წარსულში მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო და ბოლო პერიოდში საქართველოში საპროტესტო აქციებსაც ესწრებოდა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და აღნიშნულ დოკუმენტში დეზინფორმაციაა ასახული:
“სინამდვილეში, ეს არის 24 პირის განცხადება და ტექსტის ავტორი არის ადამიანი, რომელიც 2008 წელს იყო სააკაშვილის მრჩეველი უსაფრთხოების დარგში. ამ ადამიანთან ერთად მაშინ როგორ იყო უსაფრთხოება დაცული ჩვენს ქვეყანაში, ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ მეორე მხრივ, ეს 24 პირი გახდა დეზინფორმაციისა და სიცრუის წყაროს ავტორი. ძალიან უხერხულია საუბარი იმაზე, თითქოს აქ რაღაც საგანგაშო ხდება, მაშინ, როდესაც უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი. თუ ამ 24 ადამიანისა და რადიკალური ოპოზიციის ფსონი კეთდება არეულობაზე და დეზინფორმაციაზე, აქაც ისეთივე მწარე და გამანადგურებელი მარცხი ელით, როგორც 26 ოქტომბერს დადგება,“- აცხადებს რატი იონათამიშვილი.